პაკისტანის პრემიერმინისტრმა იმრან ხანმა Facebook-ის დამფუძნებელს, მარკ ცუკერბერგს წერილი მისწერა და ისლამოფობური კონტენტის აკრძალვა სთხოვა.
წერილში ხანი ამბობს, რომ "მზარდი ისლამოფობია" სიძულვილს, ექსტრემიზმსა და ძალადობას უწყობს ხელს.
Facebook-ზე სიძულვილის ენის შემცველი პოსტების წაშლის პოლიტიკა უკვე არსებობს. საიტი სიძულვილის ენას განმარტავს ძალადობრივი ენით ან დამაზიანებელი სტერეოტიპებით პირდაპირ შეტევად ადამიანებზე რასის, ეთნიკური და ეროვნული წარმომავლობისა და აღმსარებლობის გამო.
Twitter-ზე გამოქვეყნებულ წერილში იმრან ხანმა მაგალითად მოიყვანა Facebook-ის გადაწყვეტილება ეკრძალა კონტენტი, რომელიც უარყოფს ჰოლოკოსტს და მის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს. ხანმა სოცმედია საიტს მოუწოდა, მსგავსი პოლიტიკა გაეტარებინა ანტი-ისლამური კომენტარების მიმართაც.
იმრან ხანმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება სიძულვილის გზავნილები ზოგიერთის წინააღმდეგ მიუღებელი იყოს, ხოლო ზოგიერთის წინააღმდეგ - მისაღები.
სულ რაღაც ერთი დღის წინ, პაკისტანის პრემიერმინისტრმა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ისლამზე თავდასხმაში დასდო ბრალი. ხანის კომენტარი დაკავშირებულია ფრანგი მასწავლებლის მკვლელობის შემდეგ მაკრონის სიტყვებთან.
"ის სწორედ იმიტომ მოკლეს, რომ რესპუბლიკას განასახიერებდა. ის მოკლეს, რადგან ისლამისტებს ჩვენი მომავალი უნდათ. მათ იციან, მისი მსგავსი ჩუმი გმირებით, ისინი ამას ვერ მიიღებენ." - თქვა მაკრონმა.
47 წლის ისტორიის მასწავლებელს, სამუელ პატის, გამოხატვის თავისუფლების გაკვეთილზე მოსწავლეებისთვის მუჰამედის კარიკატურის ჩვენების გამო, წარმოშობით ჩეჩენმა, 18 წლის აბდულა ანზოროვმა, 16 ოქტომბერს თავი მოჰკვეთა.
ირმან ხანმა მაკრონს Twitter-ზე გამოეხმაურა.
"სამწუხაროა, რომ მაკრონმა ისლამზე და არა ძალადობის ჩამდენ ტერორისტებზე თავდასხმით გადაწყვიტა ისლამოფობიის წაქეზება" - წერს ხანი.
მუჰამედის გამოსახვა ისლამში ტაბუა. თუმცა სეკულარიზმი ფრანგული ეროვნული იდენტობის ერთერთი ძირეული ფასეულობაა. სახელმწიფო პოზიციის თანახმად გამოხატვის თავისუფლება რომელიმე ჯგუფის გრძნობების დასაცავად არ უნდა შეიზღუდოს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პაკისტანმა Facebook-ს საიტზე განთავსებული კონტენთან დაკავშირებით მიმართა.
2017 წელს იმ დროისთვის ქვეყნის პრემიერმინისტრმა ნავაზ შარიფმა Facebook-ს "მკრეხელური კონტენტის" გამოძიება სთხოვა. გაურკვეველია, კონკრეტულად რა შინაარსის პოსტებს გულისხმობდა შარიფი. კრიტიკოსთა აზრით ქვეყანაში არსებული მკრეხელობის ამკრძალავი კანონები, რომლებიც გარკვეულ შემთხვევებში სიკვდილით დასჯის საფუძველს იძლევა, ხშირად უმცირესობების ჩაგვრისთვის გამოიყენება.