აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიის პარტნიორობის პროგრამის დემოკრატი თანათავმჯდომარე, კონგრესმენი დევიდ პრაისი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება.
„ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ კომენტარში, ის ასევე იმედოვნებს, რომ შედეგები ლეგიტიმურად იქნება მიჩნეული.
„ეს რთული გზა იყო. საქართველოს გაუჭირდა ამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმება. ვფიქრობ, ის ბალანსი, რომელიც ახლა გაქვთ, ეგრეთწოდებულ, პროპორციულ და მაჟორიტარულ ადგილებს შორის, სავარაუდოდ, სამუდამოდ ასე არ დარჩება. ეს გარდამავალი შეთანხმებაა, მაგრამ ის წარმოადგენს რთული ბრძოლების შედეგად მიღწეულ კომპრომისულ შედეგს. როგორც ჩანს, ის ყველა მხარემ ლეგიტიმურად მიიღო“, - განაცხადა კონგრესმენმა.
კონგრესმენ პრაისს მიაჩნია, რომ პარტიები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და სავარაუდოდ, „ძალიან კონკურენტულ არჩევნებს ჩაატარებენ,“ რომლის შემდეგაც შესაძლოა პარლამენტში ძალები ახლო პროპორციით გადანაწილდეს.
კონგრესმენი პრაისი წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიის პარტნიორობის პროგრამის თანათავმჯდომარის ამპლუაში საქართველოსთან 15 წელია თანამშრომლობს. ამ დროის განმავლობაში, საქართველოში არაერთი არჩევნები გაიმართა და დემოკრატიული თვალსაზრისით, არაერთი ცვლილება მოხდა. კონგრესმენი ცვლილებებს იცნობს, თუმცა დასძენს, რომ ყველაზე მეტად ერთ უცვლელ ფაქტორს აფასებს.
„თქვენ იცით, რომ საქართველოში პოლიტიკა სუსტი გულის მქონე ადამიანებისთვის არაა. ეს საკმაოდ უხეში საქმეა. ერთი უცვლელი ფაქტორი, ამ ყველაფერში კი ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიის პარტნიორობის პროგრამასთან თანამშრომლობის სურვილია. ჩვენ ქართულ პოლიტიკაში არცერთი ძალის მხარეს არ ვართ. მაგრამ ვამბობთ, რომ გვაქვს საერთო ინტერესები ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებაში, რათა ისინი სრულად წარმოადგენდნენ საზოგადოების ინტერესების სრულ სპექტრს. პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ქართველები ამ პროცესის მონდომებული მონაწილეები იყვნენ. ჩვენ ვიმედოვნებთ და მოველით, რომ ეს ამ არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება,“ –თქვა კონგრესმენმა პრაისმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ კომენტარში.