თენგიზ ფხალაძე: ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი ჩართულობა ჩვეულებრივი ამბავი არ არის, ასეთი რამ არ ხდება ხოლმე

„ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი ჩართულობა და მისი მხრიდან პირადი წარმომადგენლის დანიშვნა დიალოგის მედიატორად, ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი. ასეთი რამ არ ხდება ხოლმე! ასეთი რამ ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პარტნიორი ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არსებობს“, - ამის შესახებ Europetime-ს თენგიზ ფხალაძემ განუცხადა.

როგორც Europetim-თან საუბარში, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თენგიზ ფხალაძე აღნიშნავს, კრიზისის განმუხტვის მიზნის გარდა, დასავლეთის საქართველოსადმი ინტერესში ამავდროულად იგულისხმება, არა მეგობრული ძალების შეკავებას, რუსეთის სახით.

მისი თქმით, პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა იხელმძღვანელონ არა პარტიული ინტერესით, არამედ საერთო ეროვნული ინტერესით და ვინც ამას მოახერხებს, მისი რეიტინგი საკმაოდ გაიზრდება.

„ ამიტომაც თქვა დანიელსონმა, კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი. კომპრომისი არის სიძლიერის ნიშანი. ზოგადად, ჩვენ თუ გვინდა ევროინტეგრაცია, მაშინ ევროპული პოლიტიკური კულტურაც უნდა ვისწავლოთ და მათ შორის კომპრომისის ხელოვნებაც..

ევროკავშირი ცდილობს, რუსეთს ჩვენი ქვეყნის საქმეებში უფრო მეტად ჩარევის შესაძლებლობა არ მისცეს და საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატია დაიცვას. ეჭვიც არ მეპარება, დასავლეთის დაზვერვამ, საქართველოში რუსეთის ფარული აქტივობები შეამჩნია და ასე აქტიურად ამიტომ ჩაერთო. მით უმეტეს ეს ეჭვი კიდევ უფრო გააძლიერა ნარიშკინის განცხადებამ. ზოგადად, დაზვერვის სამსახურები ასეთ განცხადებებს საჯაროდ არ აკეთებენ და თუ აკეთებენ, ეს ნიშნავს, რომ ძალიან სერიოზულ ჩარევაზეა ლაპარაკი. ფაქტობრივად თვითაღიარება იყო“, - აღნიშნავს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტი.

მისივე თქმით, ის რომ, რუსეთი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა, არაერთ ოფიციალურ დოკუმენტშია აღნიშნული, მათ შორის გასული წლის ესტონეთის საგარეო დაზვერვის ანგარიშში, სადაც ღიად საუბრობენ რუსეთის ჩარევაზე.

„ ეს არ არის ერთადერთი დოკუმენტი. ასეთი ბევრია. ის რომ, რუსეთი საქართველოში ჰიბრიდულ ტექნოლოგიებს იყენებს და მაქსიმალურად ცდილობს, ვითარება შეცვალოს, საიდუმლო არ არის და ამის ნათელი მაგალითია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს ბოლო განცხადებაც. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ პარტნიორები ასეთი ძალებით ცდილობენ დახმარებას.

თავად ის ფაქტი, რომ ოპოზიციის და ხელისუფლების შერიგების მიზნით, დანიელსონი კიდევ ერთხელ ჩამოვიდა საქართველოში, უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. უპირველეს ყოვლისა ეს მიუთითებს, თუ როგორ აწუხებთ ჩვენს პარტნიორებს საქართველოში დემოკრატიულ პროცესების მომავალი, რამხელა ძალისხმევას და რესურს დებენ იმაში, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი არ გაღრმავდეს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია პოლიტიკურ პარტიებს, ეს არ არის უბრალოდ კრიზისი, ეს არის ეგზისტენციალური კრიზისი ჩვენი ქვეყნისათვის და ბევრი რამ დევს სასწორზე“, - განაცხადა Europetime-თან საუბრისას თენგიზ ფხალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტის ფარლებში დაწყებული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი კვლავ შეთანხმების გარეშე დასრულდა. ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკების ჩაშლაში, კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებს. დანიელსონის განცხადებით, ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ, ის შარლ მიშელს შეხვდება და გადაწყვეტს რა იქნება შემდგომი სამოქმედო ნაბიჯი.

ბათუ ქუთელია: დღეს ისე ახლოს ვართ NATO-ში გაწევრიანებასთან, როგორც არასდროს, თუ სწორ გზას ავირჩევთ

დიდი ბრიტანეთის საელჩო: ეს გააჭიანურებს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, დიალოგი უნდა გაგრძელდეს

თენგიზ ფხალაძე: ეჭვიც არ მეპარება, დასავლეთის დაზვერვამ, საქართველოში რუსეთის ფარული აქტივობები შეამჩნია და ასე აქტიურად ამიტომ ჩაერთო