დიდი ბრიტანეთის საელჩო: ეს გააჭიანურებს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, დიალოგი უნდა გაგრძელდეს

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო წუხილს გამოთქვამს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა და გააჭიანურებს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, თუმცა დიალოგი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

,,ვწუხვართ, რომ მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებზე მთავრობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა. ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა და გააჭიანურებს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში. აუცილებელია პროგრესი სასამართლო და საარჩევნო რეფორმებზე. დიალოგი უნდა გაგრძელდეს", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა გუშინ გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

ამასთან, ევროკავშირის მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა გამოაქვეყნა წინადადებები, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.