დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, როგორ უნდა გამოვიყენოთ პირბადე სწორად, რომელიც COVID-19–ისგან თავის დასაცავად ამ ეტაპზე ყველაზე ეფექტური გზაა დისტანციის და პირადი ჰიგიენის დაცვასთან ერთად.
"ყველაზე უფრო ეფექტიანი არის სამშრიანი სამედიცინო ნიღაბი, შემდეგ ორშრიანი ნიღაბი, თუმცა გარკვეული შემაკავებელი უნარი გააჩნია ნაჭრის მრავალშრიან ნიღბებსაც.
რაც უფრო მეტშრიანია პირბადე, ალბათობა იმისა, რომ შეაკავებს ის ვირუსს, უფრო მაღალია. ნიღაბი ზოგს უკეთია, მაგრამ ფორმალურად: ეფექტსმოკლებულია ნიღაბი, რომელიც არასწორად არის მორგებული სახეზე, არ იცავს ცხვირს და პირს ერთიანად.
მხოლოდ სამედიცინო ნიღაბი ვერ იქნება ვირუსის პრევენციის გარანტია, ამას თან უნდა ახლდეს, რამდენიმე სწორი ქმედება: რისკის სწორად შეფასება, თუ სად იმყოფებით, ნიღბის ტარება, დისტანციის დაცვა და გარემოს ვენტილაცია", - განაცხადა განმარტა ზახაშვილმა.
ხათუნა ზახაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, სამედიცინო პირბადის გამოყენების დროს მუქი ფერი იყოს გარეთა მხარეს, ხოლო ღია ფერის - შიგნით:
"მუქი ფერი გარეთ უნდა იყოს: ეს არის წვეთების ამრეკლი შრე, ხოლო ღია ფერის შიგნით, რადგან ის არის შემწოვი, რომელიც თქვენგან გამოტყორცნილ წვეთებს შეაკავებს“.
ამასთან, დაუშვებელია სამედიცინო პირბადის გარეცხვა, გაუთოვება და მეორედ გამოყენება:
„სამედიცინო ნიღაბი არის ერთჯერადი, რომელიც არ ექვემდებარება გარეცხვას, გაუთოვებას და ხელმეორედ გამოყენებას. რაც შეეხება მოხმარების ხანგრძლივობას, ეს დამოკიდებულია იმაზე, როდის დაინესტება ნიღაბი. მუდმივი გამოყენება ფიზიკურად შეუძლებელია".
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ დასძინა, რომ დოლბანდის პირბადის გამოყენება მოქალაქეებს მრავალჯერადად შეუძლიათ. მისივე თქმით, ამგვარი პირბადის დამზადება სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი და მას 7 შრე უნდა ჰქონდეს.