ანალიტიკოსის, ზურა ბატიაშვილის განცხადებით, ერდოღანის ხელისუფლებამ, რომელსაც ვაშინგტონთან ურთიერთობის დათბობა სურს, შესაძლოა გადახედოს მონტროს ხელშეკრულებას. ეს კი ნიშნავს, რომ აშშ-ს ხელ-ფეხი გაეხსნება შავ ზღვაზე.
როგორც Europetime-თან საუბრისას ანილიტიკოსმა აღნიშნა, თუ თურქეთმა აშშ-ს შავი ზღვის აუზი გაუხსნა, საქართველოს შეუძლია NATO-ს და აშშ-ს თავისი პორტები შესთავაზოს.
მისი თქმით, ამ პროცესების გათვალისწინებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ანაკლიის პორტის პროექტი. ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება უნდა დაჩქარდეს და სავაჭრო ფუნქციის გარდა, სამხედრო დანიშნულება მიენიჭოს
„ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებები შეიძლება გათამაშდეს შავი ზღვის გარშემო, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებისთვისაც გადამწყვეტი აღმოჩნდება. მონტროს ხელშეკრულება, შავ ზღვაზე, შავი ზღვის აუზის ქვეყნების გემების მიმოსვლის გარდა, უცხო გემების მიმოსვლას არეგულირებს და ზღუდავს, როგორც ტონაჟში, ასევე მათი ყოფნის ვადას. დღევანდელი პირობებით, 21 დღეზე მეტს ვერ გაჩერდებიან. სამხედრო გემებს ეხება, სატვირთო და სამოქალაქო გემებზე საუბარი არ არის. თურქეთში ამ თემაზე სერიოზული კამათი მიდის და ნომერ პირველ საკითხად განიხილება. რაც ჩვენს უსაფრთხოებასაც ეხება. შავ ზღვის უსაფრთხოება და ამ აუზში მოკავშირე ამერიკელების ყოფნა, საქართველოს უსაფრთხოებასთან პირდაპირ კავშირშია.
თუ თურქეთმა აღნიშნული ხელშეკრულება და არსებული პირობები შეცვალა, საქართველოსაც აქვს თავისი რესურსი, შავ ზღვაზე, რომელიც შეიძლება აშშ-ს და NATO-ს შესთავაზოს. იგივე შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენი პორტები, რომ შესაძლებელი გახდეს NATO-ს ან აშშ-ს სამხედრო გემების მუდმივი ყოფნა. ჩვენ შეგვიძლია ანაკლიის პროექტი ხელახლა გამოვაცოცხლოთ და სავაჭრო ფუნქციის გარდა, სამხედრო დანიშნულებაც მივანიჭოთ. ბევრი რამ შეიძლება გავაკეთოთ, უბრალოდ ამისთვის საჭიროა, ჩვენი ორღობიდან გარეთ გავიხედოთ და ამ ორღობის მიღმა დავინახოთ“, - აცხადებს ზურაბ ბატიაშვილი.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, რუსეთი უკიდურესად ღელავს ასეთ საკითხებზე - მას არცერთ შემთხვევაში არ სურს ამერიკელების მუდმივი ყოფნა შავ ზღვაზე.
„სავარაუდოდ რუსეთთან კავშირშია ის ფაქტიც, რომ 2 დღის წინ, თურქეთის 104-მა თადარიგში გასულმა ადმირალმა (მათ შორის არიან პრორუსულად განწყობილები) განცხადება გაავრცელა, სადაც დაგმეს თურქეთის ხელისუფლების სურვილი გავიდეს მონტროს ხელშეკრულებიდან. დღეს დილით თურქეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა ამ განცხადების გაკეთების მოთავეები - 10 თადარიგის ადმირალი ანუ მკაფიო სიგნალს უგზავნის ამერიკელებს, რომ მზადაა, ვაშინგტონთან დათბობის სანაცვლოდ ბოლომდე გაყვეს მონტროს ხელშეკრულებიდან გასვლის გზას. ამხელა ამბები ხდება გარშემო და ჩვენ რას ვაკეთებთ ამ დროს?“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი.
Europetim-თან საუბრისას, ზურაბ ბატიაშვილი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კუთხით არსებულ გამოწვევებს მიმოიხილავს და აცხადებს, რომ რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკა, სირაქლემას პოზიციას ჰგავს.
„რუსეთის „არ გაღიზიანების პოლიტიკა“, უსაფრთხოების გარემოს რეალურად გაუმჯობესებას ხელს არ უწყობს. ეს სირაქლემის პოზაში ჩადგომაა, რაც საბოლოო ჯამში იწვევს იმას, რომ მხეცი მიდის და ჭამს ამ სირაქლემას. ასე რომ რუსეთის „არ გაღიზიანების პოლიტიკა“ თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი. თუ გადარჩენა გსურს, უნდა იბრძოლო.
ჩვენს გარშემო მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებში, თამაშგარე მდგომარეობაში რომ არ აღმოვჩნდეთ, პირველ რიგში არ უნდა გადავუხვიოთ პროდასავლურ პოლიტიკას, რასაც სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში თვალნათლივ ვხედავთ. რაზეც ბოლო დროს, ჩვენი დასავლელი პარტნიორები მუდმივად გვაფრთხილებენ. ევროკავშირისგან და აშშ-დან, არის მკაფიო სიგნალები იმისა, რომ საქართველოს დასავლური ორიენტაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საჭიროა ქვეყანა დაუბრუნდეს არჩეულ გზას, რომელიც დასავლეთთან ურთიერთობების ინტესიფიკაციას გულისხმობს“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი.
ბათუ ქუთელია: დღეს ისე ახლოს ვართ NATO-ში გაწევრიანებასთან, როგორც არასდროს, თუ სწორ გზას ავირჩევთ
ექსპერტი: მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებულ შეცდომებს ასწორებს