ზურაბიშვილი ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმას საქართველოს დაშინების მორიგ მცდელობად აფასებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმას "ანტიჰუმანურ აქტად" და საქართველოს დაშინების მორიგ მცდელობად აფასებს.

"ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევა, მით უფრო დღეს, პანდემიის პირობებში, როცა ლაბორატორიის როლი უმნიშვნელოვანესია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის საქმეში, ანტიჰუმანურ აქტად უნდა შეფასდეს.

ცხადია, შეტევის მიზანი მხოლოდ ლაბორატორიის პარალიზება არ ყოფილა. [...]

ნიშანდობლივია და მთელ რიგ კითხვებს ბადებს თავდასხმისათვის შერჩეული დრო და ის უსუსური მინიშნებები და მცდელობები, რაც პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენა რუსულმა მხარემ ალექსეი ნავალნის მოწამვლისას გამოყენებული ნივთიერების წარმომავლობასთან დაკავშირებით.

მოვუწოდებ ყველა შესაბამის სტრუქტურას უახლოეს დროში მოხდეს ლუგარის ცენტრზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიება", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ჯანდაცვის სამინისტროზე კიბერშეტევა მიიტანეს, რომლის მიზანი ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება იყო.​

უწყების ცნობით, მოპოვებული მასალა, როგორც ავთენტიკური, ისე ფალსიფიცირებული, ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზე აიტვირთა.

საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ეს იყო გამიზნული შეტევა მისი პარალიზებისთვის. ის ამ ქმედებას "დეზინფორმაციულ და უკანონო კამპანიის ნაწილად" აფასებს.

ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოზე 2019 წლის 28 ოქტომბერსაც განხორციელდა. ამ თავდასხმის უკან გამოძიებამ რუსეთის საგარეო დაზვერვის კვალი გამოკვეთა.