"მაქსიმალურად მოვახდენთ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას იმისათვის, რომ აუცილებლად გაიხსნას დაბლოკილი გადასასვლელი პუნქტები და ადამიანებს ჰქონდეთ წვდომა მიიღონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლ ტოივო კლაარისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი შემთხვევა რუსეთის ფედერაციის უკანონო ოკუპაციის შედეგია.
"ეს არის რუსეთის ფედერაციის მიმდინარე უკანონო ოკუპაციის შედეგი. სწორედ ის ფაქტი, რომ გადასასვლელი პუნქტები დაკეტილია, იწვევს ასეთ კატასტროფას. ამიტომ, უახლოეს პერიოდში ყველა ეს შემთხვევა დეტალურად იქნება განხილული ყველა საერთაშორისო ფორმატში. ამ საკითხის აქტუალიზაციას ვგეგმავთ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების სხდომაზე, ასევე, მომავალ კვირას ეუთო-ში დაგეგმილ განხილვებზე.
მაქსიმალურად მოვახდენთ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას იმისათვის, რომ აუცილებლად გაიხსნას დაბლოკილი გადასასვლელი პუნქტები და ადამიანებს ჰქონდეთ წვდომა მიიღონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ოკუპირებული ტერიტორიის მეორე მხარეს მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს.
ამიტომ, მე ვთხოვე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით გააძლიეროს ძალისხმევა ჟენევის მოლაპარაკების ფარგლებში ყევლა აქტორთან, მათ შორის, რუსეთის დედერაციასთან მიმართებაში. სწორედ ის არის პასუხისმგებელი დღევანდელ ტრაგიკულ შემთხვევაზე. გაძლიერდეს ზეწოლა იმისათვის, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა გადასვლელი პუნქტი და ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფალი გადაადგილების უგფლება", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურმა ოკუპირებული გალის რაიონის სამი მკვიდრის ცხედარი გამორიყა. მოგვიანებით მეოთხე ადამიანის ცხედარი დინებამ სოფელ ორსანტიაში გამორიყა.