ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტის მიერ 1 აპრილს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურას ეხება,ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური გამოეხმაურა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერი, ნაბილა მასრალი საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე განცხადებას ავრცელებს.

ევროკავშირი იმედგაცრუებას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტის მიერ მოსამართლეთა შერჩევის წესში საკანონმდებლო ცვლილებების ნაჩქარევი წესით მიღების გამო. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უმოკლეს დროში მიმართოს ვენეციის კომისიას მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაფასებლად.

"1 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელშიც განხილულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი. ევროკავშირმა მრავალჯერ გამოთქვა შეშფოთება ამ შერჩევის პროცესში არსებული ხარვეზებისა და არსებული წესების გამო.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მიესალმება ამ ინიაციტივას, რომ შეიცვალოს შესარჩევი პროცესის სამართლებრივი ჩარჩო, სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტმა ნაჩქარევად შეიმუშავა და მიიღო ცვლილებები, ინკლუზიური კონსულტაციის პროცესის გარეშე. ვწუხვართ, რომ საქართველომ ნაჩქარევად შეიტანა ცვლილებები ამ კანონმდებლობაში, ვენეციის კომისიისადმი დროულად მიმართვის და კომისიის საბოლოო დასკვნის გარეშე.

ამიტომ, ევროკავშირის დაჟინებით ურჩევს საქართველოს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოითხოვოს ვენეციის კომისიისგან შეფასება, იმის შესახებ, თუ რამდენად შეესაბამება მიღებული ცვლილებები ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებს. ახალი საკანონმდებლო წესები, მას შემდეგ, რაც მათ ვენეციის კომისია დაადასტურებს, კონკურსის ყველა მონაწილეზე თანასწორად უნდა გავრცელდეს.

მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლო, რომელიც საქართველოს უმაღლესი სასამართლო ინსტანციაა, დაკომპლექტებული იყოს უმაღლესი პროფესიული კომპეტენციის და პატიოსნების მქონე მოსამართლეებით. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ასევე არის პირობა მოქმედი პროგრამის ფარგლებში მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გაცემის", - ნათქვამია განცხაებაში.

ცნობისთვის, 1-ელ აპრილს საქართველოს პარლამენტმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა მმართველი გუნდის მიერ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში მომზადებული ცვლილებები. 86-მა დეპუტატმა ცვლილებებს დაუჭირა მხარი.