ევროკავშირის ელჩი – კიბერთავდასხმაზე: „განმეორების რისკი არსებობს“

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი შეშფოთებას გამოთქვამს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელებული კიბერშეტევის გამო და აცხადებს, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია, გაირკვეს, თუ ვინ დგას თავდასხმის უკან.

ელჩი ფიქრობს, რომ მსგავსი კრიმინალური აქტის განმეორების რისკები არსებობს, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო.

"შემაშფოთებელი იყო გუშინ განხორციელებული, კიბერთავდასხმა. ეს არ არის პირველი შემთხვევა ბოლო თვეების განმავლობაში, როდესაც კიბერშეტევა მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე. ევროკავშირი დაინტერესებულია, გაირკვეს, თუ ვინ დგას ამ თავდასხმის უკან. სხვა განცხადების გაკეთებამდე დაველოდები, ვიდრე სიტუაცია კიდევ უფრო ნათელი არ გახდება. ეს კიბერთავდასხმა გვახსენებს ძალიან მნიშვნელოვან ასპექტს, განსაკუთრებით არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, რომ არსებობს რისკები მსგავსი თავდასხმების განმეორების. მნიშვნელოვანია ფხიზლად ვიყოთ", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ჯანდაცვის სამინისტროზე კიბერშეტევა მიიტანეს, რომლის მიზანი ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება იყო.​

უწყების ცნობით, მოპოვებული მასალა, როგორც ავთენტიკური, ისე ფალსიფიცირებული, ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზე აიტვირთა.

საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ეს იყო გამიზნული შეტევა მისი პარალიზებისთვის. ის ამ ქმედებას "დეზინფორმაციულ და უკანონო კამპანიის ნაწილად" აფასებს.

ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოზე 2019 წლის 28 ოქტომბერსაც განხორციელდა. ამ თავდასხმის უკან გამოძიებამ რუსეთის საგარეო დაზვერვის კვალი გამოკვეთა.