2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლისთავი არის ბნელი მოგონება იმ ათასობით ადამიანზე, რომლებმაც ტანჯვა გადაიტანეს და ახლაც იტანჯებიან რუსეთის საქართველოში შეჭრის გამო, – ამის შესახებ ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა ჯეიმს გილმორმა ვენაში მუდმივმოქმედ საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„დღეს ჩვენ ვიხსენებთ მოქალაქეებს, რომლებსაც სახლების დატოვება აიძულეს და იძულებით გადაადგილებულ პირებად აქციეს. ვიხსენებთ უდანაშაულო მოქალაქეებს, რომლებიც დე ფაქტო მთავრობის მიერ ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლების ჩაკეტვის გამო დაიღუპნენ, რადგან მათ აუკრძალეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიღება. ჩვენ ვიხსენებთ ოჯახებს, რომლებიც „ბორდერიზაციის“ საშუალებით დაყვეს და საარსებო წყარო წაართვეს,“- განაცხადა ჯეიმს გილმორმა.
მისივე თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი უსაფრთხოების ძალები განაგრძობენ საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ უფრო ღრმად შეჭრას.
„რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი უსაფრთხოების ძალები კვლავ განაგრძობენ საქართველოს ტერიტორიაზე უფრო ღრმად შეჭრას, ცდილობენ ოკუპირებული ტერიტორიები მეტრი მეტრობით გააფართოონ, რაც აუცილებლად უნდა იყოს მუდმივმოქმედი საბჭოს შეშფოთების საგანი. შარშან ვიხილეთ რუსეთის ხელმძღვანელობით ჩორჩანა-წნელისთან საქართველოს ტერიტორიის ასეულობით მეტრის გაკონტროლების მცდელობა. რუსი ე.წ. მესაზღვრეები აკავებენ მოქალაქეებს და მიმართავენ ძალადობას ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ, მათ შორისაა ბოლო შემთხვევა, როდესაც საქართველოს მოქალაქეს ესროლეს.
2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული რუსეთის ვალდებულება ნათელია: რუსეთმა უნდა გაიყვანოს ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე. რუსეთმა ასევე აიღო ვალდებულება, რომ ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელი მიწოდება უზრუნველყოფილი იქნება“, – განაცხადა ჯეიმს გილმორმა.
მისივე თქმით, აშშ რუსეთს მოუწოდებს, უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარებაზე.
„მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აღიარება ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ შესახებ. ეს აუცილებელია ასობით და ათასობით ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირის უსაფრთხოდ და ღორსეულად დასაბრუნებლად. აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოში ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ ურყევია. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და ვუერთდებით მათ მოწოდებას რუსეთის აგრესიის შედეგად დაყოფილი მოსახლეობის გაერთიანების შესახებ.
რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, ეუთო-ს რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე, მუდმივმოქმედ საბჭოზე რეგულარული განსახილველი საკითხია. კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვის ნაცვლად, რუსეთი აგრძელებს დეზინფორმაციის გავრცელებას, აქ, ვენაში და სხვაგანაც. რუსეთი აგრძელებს იმ ქმედებების ხელშეწყობას და მხარდაჭერას, რომლებიც ზიანს აყენებს უსაფრთხოებას და საფრთხეს უქმნის ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის საარსებო საშუალებებსა და სიცოცხლეს. აშშ მოუწოდებს ეუთო-ს ყველა წევრ ქვეყანას, მხარი დაუჭიროს საქართველში ეუთო-ს მისიის განახლებას, რომელსაც ექნება საშუალება, მონიტორინგი გაუწიოს სიტუაციას ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს“, - აღნიშნა ჯეიმს გილმორმა.