ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულმა შეთანხმებამ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დაასრულა. ამ სათაურით სტატიას ბრიტანული სააგენტო Reuters-ი აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ დაიწყო, ოპოზიცია მთავრობას ხმების გაყალბებაში ადანაშაულებდა.
„თებერვალში, ოპოზიციონერი ლიდერი ნიკა მელია დააკავეს, დაიწყო საპროტესტო აქციები, გადადგა პრემიერ-მინისტრი და კრიზისი უფრო გამწვავდა“, - წერს Reuters-ი.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ამ შეთანხმებამ შეიძლება გამოიწვიოს მელიას გათავისუფლება, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, რომელიც საპროტესტო აქციებზე ძალადობის წაქეზებაში დაადანაშაულეს, რასაც თავად პოლიტიკურად მოტივირებული საქმე უწოდა.
სააგენტო შეთანხმების ორ პუნქტზე ამახვილებს ყურადღებას: 1. შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს კანონპროექტის ინიცირება, რომლითაც ამნისტია შეეხება 2019 წლის 19-21 ივნისიდან ყველა დარღვევას და საქმეს.
2. მხარეები აცნობიერებენ განსხვავებულ შეფასებას 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და თანხმდებიან მიიღონ საპარლამენტო მანდატები და მიიღონ მონაწილეობა მომავალ არჩევნებში შეთანხმებული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ამ შეთანხმების განსახორციელებლად.
„ქართულმა ოპოზიციამ კრიზისის დასრულებისთვის შეთანხმებას მოწერა ხელი“, - Associated Press-ი ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში მიმდინარე მოვლენებს მიმოიხილავს.
გამოცემა წერს, რომ საქართველო მიუახლოვდა პოლიტიკური კრიზისის დასასრულს, მას შემდეგ რაც ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით შედგა.
„ამასთან, მსხვილმა ოპოზიციურმა ძალამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავი შეიკავა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერისგან. აცხადებენ, რომ მიიღებენ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწერონ თუ არა დოკუმენტს, როდესაც შარლ მიშელი საქართველოს 20 აპრილს, სამშაბათს ეწვევა.
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური ვითარება დაიძაბა. მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო არჩევნები, მაგრამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაადანაშაულა მმართველი პარტია, რომ ხმები გაყალბდა და ხელახალი არჩევნები მოითხოვა.
შეთანხმება ითვალისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და პროკურატურის რეფორმებს. მისი მიხედვით, თუ პარტია „ქართული ოცნება“ ვერ მიიღებს ხმების მინიმუმ 43% -ს წლევანდელ მუნიციპალურ არჩევნებში, ის თანახმაა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე. დოკუმენტი ასევე გულისხმობს ნიკა მელიას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გათავისუფლებას“, - წერს Associated Press-ი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილი ახალი დოკუმენტი, (სამომავლო გზა საქართველოსთვის) რომელსაც 19 აპრილს მოეწერა ხელი, 5 პუნქტს მოიცავს:
პოლიტიზებული მართლმსაჯულების საკითხის მოგვარება; ამბიციური საარჩევნო რეფორმა;კანონის უზენაესობა/მართლმსაჯულების რეფორმა; პარლამენტში ძალთა გადანაწილება; მომავალი არჩევნები.
პოლიტიზებული მართლმსაჯულების საკითხის მოგვარება
საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ამ შეთანხმების განხორციელებისთვის, დოკუმენტის ხელმომწერმა მხარეებმა შეთანხმებაზე ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გადადგან ნაბიჯები 2 პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე, ამნისტიით და/ან ისეთი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც ეკვივალენტურ შედეგს მოიტანს. კონკრეტულად, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს კანონპროექტის ინიცირება, რომლითაც ამნისტია შეეხება 2019 წლის 19-21 ივნისიდან ყველა დარღვევას და საქმეს.
გარდა ამისა, პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა.
ვადები: ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში უნდა განხორციელდეს ამ დებულების შესასრულებლად საჭირო ქმედებები;.ყველა ხელმომწერი შედის პარლამენტში, რომ კენჭი უყაროს საკანონმდებლო და რეგლამენტის ცვლილებებს.
პარლამენტში ძალთა გადანაწილება
ოპოზიციის დეპუტატებისთვის უნდა გამოიყოს 5 კომიტეტის თავმჯდომარეობა, რომელთაგან 2 შემდეგი 5 კომიტეტიდან უნდა იყოს: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ადამიანის უფლებათა კომიტეტი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი; საგარეო ურთიერტობების კომიტეტი.
ოპოზიციის დეპუტატებებისთვის უნდა გამოიყოს თავმჯდომარის 1 პოზიცია შემდეგი საპარლამენტო დელეგაციებისთვის საერთაშორისო არენაზე: ევრონესტი საპარლამენტო ასამბლეა, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა.
მომავალი არჩევნები
2021 წლის 16 აპრილს „ქართული ოცნების“ შემოთავაზებაზე დაყრდნობით, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.
„მხარეები ითვალისწინებენ OSCE/ODIHR-ის მიერ გაკეთებულ შეფასებას, რომლის თანახმად, „ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, საერთო ჯამში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ამის მიუხედავად, ამომრჩეველზე ზეწოლისა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ხაზის წაშლის შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა შეამცირა საზოგადოების ნდობა პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ. ფორმალისტური ნიშნით საჩივრების უმრავლესობის სისტემურმა უარყოფამ მნიშვნელოვნად შეზღუდა ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება“.
მხარეები აცნობიერებენ განსხვავებულ შეფასებას 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და თანხმდებიან მიიღონ საპარლამენტო მანდატები და მიიღონ მონაწილეობა მომავალ არჩევნებში შეთანხმებული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ამ შეთანხმების განსახორციელებლად.
2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია.