ბენ ჰოჯესი: ანაკლიის პროექტი იქნებოდა თამაშის წესების შემცვლელი მთელი რეგიონისთვის

„ანაკლიის პროექტი იქნებოდა თამაშის წესების შემცვლელი მთელი რეგიონისთვის“, - ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების ყოფილმა მეთაურმა, CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგემ, ბენ ჰოჯესმა ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას: უნდა დადგეს თუ არა დღის წესრიგში კვლავ ანაკლიის პროექტის განხორციელება? იქნება თუ არა ეს კონკრეტული გზავნილი საქართველოს ხელისუფლების პოზიციის და ქვეყნის პოზიციონირების?

„ეს არის კარგი მაგალითი, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ამბობს საქართველოს მთავრობა, რომ მას სურს დასავლური განვითარება და ინვესტიციები ქვეყანაში, თუმცა სინამდვილეში ცოტა რამ გააკეთა ამის განსახორციელებლად. ანაკლიის პროექტი იქნებოდა თამაშის წესების შემცვლელი მთელი რეგიონისთვის, გაიხსნებოდა რა აღმოსავლეთ-დასავლეთის ეკონომიკური დერეფანი ევროპასა და ევრაზიას შორის. იმედი მაქვს, ბაიდენის ადმინისტრაცია ამ საკითხს ისევ დღის წესრიგში დააბრუნებს, როგორც უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილს შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონისთვის.

მაგრამ იმედია, საქართველოს მთავრობაც დააყენებს მოცემულ საკითხს დღის წესრიგში. ჯერჯერობით, ვფიქრობ, რომ კრემლის გავლენამ შეანელა ეს პროექტი, რადგანაც მას არ სურს, რომ საქართველო გახდეს წარმატებული, და რომ აქ გაიაროს ევრაზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელმა მარშრუტმა, რომელიც არ გადის რუსეთის გავლით. მე ასევე ვფიქრობ, რომ საქართველოს შიგნით არსებულ ძალებს, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ბიზნეს გავლენით, არ სურთ ამ პროექტის განხორციელება, რადგან ის ფოთის ან ბათუმის კონკურენტი აღმოჩნდება. სამწუხაროდ, ეს ძალიან ვიწრო აზროვნებაა. საქართველომ სერიოზულად უნდა იფიქროს იმაზე, რომ მთელი ქვეყანა გახდეს პორტალი ევროპასა და ევრაზიას შორის და მიიზიდოს ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში (პორტები, რკინიგზა, მილსადენები, ტელეკომუნიკაციები და გზები), რათა შეძლოს ამის განხორციელება“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა.