"Covid-19-ის საწინააღმდეგო ამერიკული ვაქცინა ძალიან მალე იქნება მზად"

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, Covid-19-ის საწინააღმდეგო ამერიკული ვაქცინა ძალიან მალე იქნება მზად.

შესაბამისი განცხადება ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მან ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაციის პირობებში ვაქცინას 3 წელიწადშიც ვერ მიიღებდნენ.

"პრეზიდენტი ტრამპი ვაქცინას რეკორდულ ვადებში მიიღებს. სხვათა შორის, ეს ობამას ადმინისტრაცია, რომ ყოფილიყო, თქვენ ვაქცინას 3 წელიწადშიც კი ვერ მიიღებდით, ან შესაძლოა საერთოდ არ მიგეღოთ. ვაქცინას მივიღებთ ძალიან მალე. შესაძლოა, ეს იმ განსაკუთრებულ დღემდეც [არჩევნებამდე] მოხდეს ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ცნობისათვის: მსოფლიოში COVID-19–მა 896 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 27 490 000–ს გადააჭარბა, 19 592 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1684-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1315 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.