ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების განცხადებებში მთავარი აქცენტი კეთდება შეთანხმების შესრულების მხარდაჭერაზე; რომ ისინი მზად არიან, პარლამენტს მხარი დაუჭირონ შეთანხმების მიზნების მიღწევის უზრუნველყოფაში.
სენატორ ჯიმ რიშის განცხადებით, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას პასუხისმგებლობა ეკისრებათ, შეთანხმება დაიცვან და პოლიტიკური ნდობა აღადგინონ. მისი თქმით, შეთანხმების მდგრადობის ნამდვილი გამოცდა მისი განხორციელება იქნება. დოკუმენტზე ხელმოწერიდან რამდენიმე საათში, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, შარლ მიშელის დოკუმენტში შეტანილ ერთ-ერთი პუნქტზე განაცხადა, რომ მის შესრულებას 60-ვე ოპოზიციონერი დეპუტატის პარლამენტში შესვლა სჭირდება. საუბარია პარლამენტის 5 კომიტეტში ოპოზიციის წარმომადგენლების თავმჯდომარედ არჩევის საკითხზე.
„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესასვლელად თავის პირობებს აყენებს, რაზეც ხელისუფლება კვლავ არ თანხმდება, რადგან მათი მოთხოვნები შეთანხმების დოკუმენტშიც არ არის აღნიშნული. რა პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას შეთანხმების აღსრულების პროცესში, რამდენად აღმოფხვრის ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება კრიზისს საქართველოში და ახლა რა ეტაპზეა საქართველო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, ამ საკითხებზე Europetime საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტს, თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა.
მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის და პოლიტიკური კრიზისის გადალახვის შემდეგ, ქვეყანას უკვე აქვს შესაძლებლობა, საგარეო პოლიტიკურ საფრთხეებზე გადაერთოს,
„შეთანხმების მიღწევაზე ვიტყვი, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ქვეყანას ახლა უკვე აქვს შანსი, გადაერთოს სერიოზულ, გრძელვადიან, სტრატეგიულ პრობლემებზე, მათ შორის არის საგარეო პოლიტიკის უსაფრთხოების საკითხებზე, რაც საკმაოდ ბევრია, მით უმეტეს, ყარაბაღის ომის შემდეგ. საგარეო უსაფრთხოების საკითხებზე, ქვეყანამ რეაგირება რომ მოახდინოს, საზოგადოებაში კონსენსუსის მიღწევაა საჭირო. კონსენსუსი ვერ იქნება, თუ პარლამენტი სრულყოფილად მუშაობას ვერ შეძლებს. საგარეო უსაფრთხოების საკითხებზე სერიოზულად არის სამსჯელო, როგორც პარლამენტში, ასევე საზოგადოებაში“, - აღნიშნავს თორნიკე შარაშენიძე.
საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტი განმარტებით, ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში, ამერიკელი და ევროპელი ლიდერები ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, უკრაინას უფრო ხშირად ახსენებდნენ, ვიდრე საქართველოს, რეალურად ბევრს არაფერს ცვლის. „დავიწყოთ იქიდან, რომ რაც არ უნდა ხშირად ახსენონ უკრაინა, ამ ეტაპზე, ის ვერც NATO-ში გაწევრიანდება და ვერც ევროკავშირში. ვიდრე უკრაინას ტერიტორიები წართმეული აქვს, სრულიად გაუგებარია, როგორ უნდა შევიდეს NATO-ში. ეს საუბარი, ცარიელი წყალია და მეტი არაფერი. ამიტომ, ამერიკელი და ევროპელი ლიდერების მხრიდან უკრაინის მეტად ხსენება, ვიდრე საქართველოსი, რეალურად არაფერს ცვლის.
უკრაინაზე უფრო მეტი აქცენტი კეთდება იმიტომ, რომ ახლა უკრაინა ბევრად მძიმე სიტუაციაშია, ვიდრე საქართველო. იქ ომი გრძელდება. რაც შეეხება ევროკავშირს, უკრაინა საქართველოზე მდიდარი კი არის, მაგრამ გაცილებით კორუმპირებული ქვეყანაა, ვიდრე საქართველო. კი, საქართველოს პოლიტიკური კრიზისი ჰქონდა, თუმცა ბევრი წვალების მიუხედავად, ამ კრიზისიდან გამოსვლა მაინც შეძლო, ამიტომ, მე ამ სკეპტიციზმს არ ვიზიარებ. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ევროკავშირში ინტეგრაცია ასე მარტივად არ ხდება. ევროკავშირის ეკონომიკურ სტანდარტებს ძალიან ჩამოვრჩებით. უახლოეს წლებში, დიდი ეკონომიკური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, მით უმეტეს, პანდემია კიდევ უფრო მეტად ართულებს ეკონომიკური ზრდის პროცესს“, - აღნიშნავს თორნიკე შარაშენიძე.
მოაწერს თუ არა ხელს, შარლ მიშელის დოკუმენტს „ნაციონალური მოძრაობა“ და რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ის უარის თქმის შემთხვევაში, თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ ახლა, როცა დოკუმენტს ხელს აწერს ყველა, დასავლეთი მალე დაიღლება „ნაციონალური მოძრაობის“ ჭირვეულობით, ენმ-სთვის კი დასავლეთის პოზიცია მნიშვნელოვანია.
„ეს სიტუაცია უკვე გადაიქცა „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემად. მელიას ახლაც შეუძლია, ნებისმიერ დროს გამოვიდეს ციხიდან, ყველამ იცის ეს. რას ჰქვია, თუ გათავისუფლდება, როგორც ეს ნიკა მელიას სურს?! სააკაშვილის განცხადებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ის იაზრებს, რომ ხაფანგში აღმოჩნდა. ხაფანგში იმიტომ, რომ ერთადერთი პარტიაა, რომელიც პარლამენტს გარეთ რჩება, რასაც თავისი შედეგები მოჰყვება. რამდენ ხანს უნდა იყოს ეს პარტია და რამდენ ხანს იარსებებს სააკაშვილის ფაქტორის ხარჯზე? ამომრჩევლის რაღაც ნაწილი შეიძლება შეინარჩუნოს, მაგრამ საგრძნობლად დაარტყამს და დააზარალებს ეს სიტუაცია. პირველ რიგში, დასავლეთის თვალში მათ რეპუტაციას დაარტყამს. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კი დასავლეთის მხარდაჭერა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. მე მგონი, უკვე ცდილობენ, გამოსავალი იპოვონ“, - განუცხადა Europetime-ს თორნიკე შარაშენიძემ.
მისი თქმით, ახლა „ქართული ოცნება“ ვაჭრობას დაიწყებს და ეს მოულოდნელი სულაც არ არის.
„ბუნებრივია და გასაკვირი არ იქნება ჩემთვის, რომ ქართული ოცნება ვაჭრობას დაიწყებს. ოპოზიციას საქმეს გაურთულებს. მე რაც მახსოვს, შეთანხმებაში ეწერა, რომ ყველა შედის პარლამენტში, შესაბამისად „ქართული ოცნება“ ამას გამოიყენებს", - განუცხადა Europetime-ს თორნიკე შარაშენიძემ.