Bloomberg-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხვალ, 24 აპრილს ოფიციალურად აღიარებს სომეხთა გენოციდს.
როგორც გამოცემა წერს, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
Bloomberg-ი წერს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე სატელეფონო კომუნიკაცია შედგა თეთრი სახლის ლიდერსა და თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის.
როგორც ცნობილია, ბაიდენმა ერდოღანს მისი გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა.
აღსანიშნავია, რომ ბაიდენი იქნება აშშ-ს პირველი პრეზიდენტი 40 წლის განმავლობაში, ვინც საჯაროდ აღიარებს 1915 წლის მასობრივ მკვლელობებს გენოციდად.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სენატმა სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია 2019 წლის დეკემბერში მიიღო. გასულ თვეს, ორმოცამდე ამერიკელმა სენატორმა კი, მათ შორის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯო ბაიდენს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდა.
სენატორების განცხადებაში ნათქვამია, რომ 1915-1923 წლებში ოსმალეთის იმპერია სისტემატურად ცდილობდა სომხური მოსახლეობის განადგურებას, რის შედეგადაც 1.5 მილიონი სომეხი მოკლეს, ხოლო ასობით ათასი ადამიანი სამშობლოდან გააძევეს.
ამერიკელი კანონმდებლების განცხადებით, „ჯო ბაიდენმა ოფიციალურად უნდა აღიაროს გენოციდი, რათა მკაფიოდ გაჟღერდეს ის, რომ აშშ-ის მთავრობა ამ საშინელ ჭეშმარიტებას აღიარებს“.