საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტის თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში, ამერიკელი და ევროპელი ლიდერები ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, უკრაინას უფრო ხშირად ახსენებდნენ, ვიდრე საქართველოს, რეალურად ბევრს არაფერს ცვლის.
როგორც Europetime-თან საუბარში შარაშენიძე განმარტავს, უკრაინაზე უფრო მეტი აქცენტი კეთდება იმიტომ, რომ ახლა უკრაინა ბევრად მძიმე სიტუაციაშია, ვიდრე საქართველო, რადგან იქ, რუსეთთან ომი გრძელდება.
„დავიწყოთ იქიდან, რომ რაც არ უნდა ხშირად ახსენონ უკრაინა, ამ ეტაპზე, ის ვერც NATO-ში გაწევრიანდება და ვერც ევროკავშირში. ვიდრე უკრაინას ტერიტორიები წართმეული აქვს, სრულიად გაუგებარია, როგორ უნდა შევიდეს NATO-ში. ეს საუბარი, ცარიელი წყალია და მეტი არაფერი. ამიტომ, ამერიკელი და ევროპელი ლიდერების მხრიდან უკრაინის მეტად ხსენება, ვიდრე საქართველოსი, რეალურად არაფერს ცვლის.
უკრაინაზე უფრო მეტი აქცენტი კეთდება იმიტომ, რომ ახლა უკრაინა ბევრად მძიმე სიტუაციაშია, ვიდრე საქართველო. იქ ომი გრძელდება. რაც შეეხება ევროკავშირს, უკრაინა საქართველოზე მდიდარი კი არის, მაგრამ გაცილებით კორუმპირებული ქვეყანაა, ვიდრე საქართველო. კი, საქართველოს პოლიტიკური კრიზისი ჰქონდა, თუმცა ბევრი წვალების მიუხედავად, ამ კრიზისიდან გამოსვლა მაინც შეძლო, ამიტომ, მე ამ სკეპტიციზმს არ ვიზიარებ. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ევროკავშირში ინტეგრაცია ასე მარტივად არ ხდება. ევროკავშირის ეკონომიკურ სტანდარტებს ძალიან ჩამოვრჩებით. უახლოეს წლებში, დიდი ეკონომიკური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, მით უმეტეს, პანდემია კიდევ უფრო მეტად ართულებს ეკონომიკური ზრდის პროცესს“, - განუცხადა Europetime-ს თორნიკე შარაშენიძე.
შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირებში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ მიმართა NATO-ს და ალიანსის წევრ ქვეყნებს უკრაინის NATO-ში გაწერვიანების დაჩქარების მოთხოვნით. ზელენსკის განცხადებით, უკრაინას აქვს დასავლეთის მხარადაჭერა რუსეთთან დაპირისპირებაში, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თუ დასავლეთს ნამდვილად სურს უკრაინის დაცვა რუსეთისგან, მაშინ დაჩქარებული წესით უნდა მისცენ მათ MAP-ი.