ფინანსთა მინისტრი: ეკონომიკის აღდგენის პროცესი მოსალოდნელზე სწრაფი ტემპით დაიწყო

„ეკონომიკის აღდგენის პროცესის ტემპი იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მოლოდინი იყო, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მის კომენტარს სამინისტრო ავრცელებს.

„რეალურად პირველი შემთხვევაა პანდემიის დაწყების შემდგომ, როცა დადებითი დინამიკა ფიქსირდება ეკონომიკურ ზრდაში. ზრდა ასევე გამოიხატა დღგ-ის გადამხდელთა ბრუნვების ზრდაში, რომელმაც 20%-ს გადააჭარბა მიმდინარე თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. მნიშვნელოვანია, რომ დადებითი დინამიკა გრძელდება ექსპორტისა და იმპორტის მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში, საშულებას გვაძლევს, ვთქვათ, რომ ეკონომიკის აღდგენის პროცესი დაწყებულია. ვფიქრობ, რომ ეს არის უკვე არაერთჯერადი, შეუქცევადი პროცესი“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 4.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალურმა კლებამ 4.2 პროცენტი შეადგინა.