სასამართლომ ნარკოტიკული  საშუალების უკანონო შეძენის, დაფასოებისა და რეალიზაციისთვის 4 პირი დამნაშავედ ცნო

მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული 4 პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული დ.ჯ., ფ.ბ., ა.მ. და შ.ვ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლომ ორ მათგანს 11-11 წლით, ერთს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მეოთხე ბრალდებულმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და ხელი შეუწყო მტკიცებულებათა მოპოვებას. აღნიშნულის გათვალისწინებით მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით მსჯავრთან ერთად განესაზღვრა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დ.ჯ., ფ.ბ., ა.მ. და შ.ვ. 2019-2020 წლებში სოფელ ფონიჭალაში სისტემატიურად ახორციელებდნენ ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ უკანონო შეძენას, დაფასოებასა და რეალიზაციას.

გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები კონკრეტულ ლოკაციებზე სარეალიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდნენ და მას შემდეგ, რაც ნარკოტიკული ნივთიერების შესაძენი თანხა დისტანციურად, ონლაინტოტალიზატორების ანგარიშებზე ჩაირიცხებოდა, კლიენტები ტელეფონის მეშვეობით მითითებულ ადგილებზე მიჰყავდათ.

სისტემატიური ნარკოვაჭრობის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის ანგარიშებზე 2 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავალი იქნა მიღებული. თანხის წარმომავლობის დამალვისა და ლეგალიზაციის მიზნით, ჯგუფის წევრებს გარკვეული პერიოდულობით ჩარიცხული თანხები ანგარიშიდან გადაჰქონდათ ე.წ. ,,თამაშებში“ და მცირე გათამაშებას ახორციელებდნენ, რის შემდგომაც თანხა უკან ბრუნდებოდა და მისი განაღდება როგორც ტოტალიზატორის სალაროებიდან, ისე ე.წ. „ზერო ბარათების“ გამოყენებით, სხვადასხვა ბანკომატიდან ხდებოდა. ასევე დ.ჯ., ფ.ბ., ა.მ. და შ.ვ. ნარკოტიკებით ვაჭრობის შედეგად მიღებული უკანონო შემოსავლებით უძრავ-მოძრავი ქონების შეძენას ახდენდნენ.

დ.ჯ.-ს, ფ.ბ.-ს, ა.მ.-სა და შ.ვ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ფ.ბ.-ს და ა.მ.-ს 11-11 წლით, ხოლო დ.ჯ.-ს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება შ.ვ.-ს, მან გამოძიებასთან ითანამშრომლა და ხელი შეუწყო მტკიცებულებათა მოპოვებას. აღნიშნულის გათვალისწინებით მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით მსჯავრთან ერთად განესაზღვრა.

სასამართლო გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულებს ასევე ჩამოერთვათ ნარკოვაჭრობის შედეგად მიღებული თანხა და უკანონო შემოსავლებით შეძენილი ქონება - ერთი საცხოვრებელი ბინა და 5 სატრანსპორტო საშუალება", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.