“მთლიანობაში საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო პირობები მყარია, თუმცა არაერთი კომპანიის მხრიდან გამოთქმულია შეშფოთება ქვეყნის სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ნაკლებობის თაობაზე", – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის მიმართულებით რეგიონის მასშტაბით მოწინავე ადგილზეა, ქვეყნის ეკონომიკა კი უცხოური ინვესტიციების მიმართ ღიაა. თუმცა, საქართველოში მოღვაწე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები მიუთითებენ ქვეყნის სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ნაკლოვანებაზე:
“მთლიანობაში ბიზნეს და საინვესტიციო პირობები მყარია, თუმცა არაერთი კომპანიის მხრიდან გამოთქმულია შეშფოთება ქვეყნის სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ნაკლებობის ზრდის თაობაზე. ამასთან, კომპანიები მიუთითებენ გადაწყვეტილებათა მიღების არაეფექტურ პროცესზე, განსაკუთრებით მუნიციპალურ დონეზე. ასევე სირთულეებზე ინტელექტურალური საკუთრების შესახებ კანონმდებლობის აღსრულების მიმართულებით. ბიზნესის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ ქვეყანაში ანტიმონოპოლიური პოლიტიკა დახევწას საჭიროებს, ბიზნესის შეფასებით ასევე სირთულეებია საკუთრების უფლებებთან მიმართებით წარმოშობილი დავების გადაწყვეტის პროცესშიც. საქართველოს მთავრობა აგრძელებს ამ საკითხების მოგვარების მიმართულებით მუშაობას. ამ სირთულეების მიუხედავად, საქართველოს ბიზნესგარემო რეგიონის ქვეყნებს შორის კვლავ ღიაობით გამოირჩევა", - ნათქვამია ანგარიშში.
გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ პორტის გენერალურ კონტრაქტორ კომპანიასთან კონტრაქტი ცალმხრივად გაწყვიტა, თუმცა ანაკლიის პროექტი მთავრობის ერთ-ერთ გაცხადებულ პრიორიტეტად რჩება.