რომელი ქვეყნები იყენებენ Sinopharm-ს და ვისთვის არის პრეპარატი ხელმისაწვდომი საქართველოში

დღეიდან საქართველოში Sinopharm-ით ვაქცინაცია დაიწყო. ვაქცინაცია იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 30 დაწესებულებაში 33 ამცრელი ბრიგადით დაიწყო. ხოლო 5 მაისიდან კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება დაემატება. საქართველოში Sinopharm-ით ვაქცინაცია 18 წელს გადაცილებულთათვის არის ხელმისაწვდომი, რეგისტრაცია 27 აპრილიდან მიმდინარეობს.

ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინის შენახვის პირობები 2-დან 8 გრადუსამდეა. ჩინური წარმოების, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული „სინოფარმის“ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში, აცრილია სულ მცირე 40 მლნ ადამიანი.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოში გამოიყენება მხოლოდ ჯანმოს ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან ავტორიზებული ვაქცინები, ჩინური წარმოების ვაქცინა ამ ეტაპზე უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან არის აღიარებული.

უნგრეთის გარდა, Sinopharm-ი დამტკიცებულია არაბთა გაერთიანებული საემიროებში, ჩინეთში, სერბეთში, ბაჰრეინში, პაკისტანში, ეგვიპტეში, სინგაპურში, ინდონეზიაში, ტაილანდსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.

Sinopharm-ის ვაქცინა 45-მდე ქვეყანაშია აღიარებული, ჩინეთს და მის გარეთ 200 მილიონზე მეტი დოზა გაიცა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური ვაქცინის, Sinopharm-ის შესახებ 29 აპრილის სხდომის მასალები გამოაქვეყნა. ვაქცინის ეფექტიანობა, მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგების მიხედვით, 78.1%-ია. კვლევაში სულ 16,125 ადამიანი მონაწილეობდა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, Sinopharm-ის გამოყენების შემდეგ საფრთხის შემცველი გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა. ძირითადი გვერდითი ეფექტია თავის ტკივილი, დაღლილობა, ნანემსარი ადგილის ტკივილი. ამასთან ერთად, ამ პრეპარატით აცრისას ანაფილაქსიის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა და მხოლოდ მსუბუქი ალერგიული რეაქციები დაფიქსირდა.

კვლევის მესამე ფაზაზე ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მას პლაცებო ჰქონდა მიღებული. ასევე, კვლევის მესამე ფაზაზე ერთ ადამიანს გამოუვლინდა თრომბი. რაც შეეხება კონკრეტულ ქვეყანას - მაგალითად, ბაჰრეინში ვაქცინის ეფექტიანობა 18-დან 60 წლამდე ადამიანებს შორის 90%-ია. 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შორის - 91%. ჯანმო Sinopharm-ისა და Sinovac-ის შესახებ გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირაში მიიღებს

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი - 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.

ამავე თემაზე: რომელი პრეპარატებით მიმდინარეობს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში

ჯანმო: Sinopharm-ის ეფექტურობა 78.1%-ით განისაზღვრა