რომელი პრეპარატებით მიმდინარეობს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში

საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია, 43 200 დოზა 13 მარტს ჩამოვიდა. ქვეყანამ ვაქცინაცია Oxford/Astrazeneca-ს პრეპარატით, 15 მარტს დაიწყო. პირველ ეტაპზე, გეგმის მიხედვით, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალსა და 65 წელს გადაცილებულებზე გავრცელდა. 5 აპრილიდან, ვაქცინის გაკეთება 55 წელს გადაცილებულებს, ასევე, დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს შეუძლიათ. ერთ-ერთი პირველი, ვინც საჯაროდ, ტელეკამერების წინ აიცრა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე იყო. 6 მაისს, ქვეყანაში Astrazeneca-ს ვაქცინის 43 ათასზე მეტ დოზას ელოდებიან.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, არ არის გამორიცხული, რომ ამ ასაკობრივმა ზღვარმა დაიწიოს. ამირან გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ იმუნიზაციის საბჭო AstraZeneca-ზე ასაკობრივი ზღვარის დაწევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეების რეგისტრაცია 5 მაისიდან, აცრის პროცესი კი 10 მაისიდან დაიწყება.

Pfizer/Biontech

Pfizer/Biontech-ის ვაქცინის პირველი ტვირთი, 30 ათასამდე დოზა საქართველომ აშშ-დან 25 მარტს მიიღო. ამ პრეპარატით ვაქცინაცია 30 მარტს დაიწყო. მედპერსონალთან ერთად, ვაქცინაციის შესაძლებლობა 65 წელს გადაცილებულებს აქვთ. მათ შეუძლიათ, არჩევანი გააკეთონ AStrazeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინებს შორის. Pfizer/Biontech-ის ვაქცინის მეორე პარტიას საქართველო ზაფხულში ელოდება. ქვეყანა სავარაუდოდ, ვაქცინის მილიონ დოზას მიიღებს.

Sinopharm

საქართველოში Sinopharm-ის 100 000 დოზა 3 აპრილს შემოვიდა.

18 წელს გადაცილებულთათვის Sinopharm-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 27 აპრილს დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი კი 4 მაისიდან დაიწყება. ჯანმო Sinoparm-ის და Sinovac-ის ვაქცინების ავტორიზაციის საკითხს მომდევნო კვირის ბოლოსთვის გადაწყვეტს. Sinopharm-ს მინიჭებული აქვს უნგრეთის „მკაცრი მარეგულირებლის” ავტორიზაცია და უნგრეთი იყო ევროკავშირში პირველი ქვეყანა, რომელმაც ამ პრეპარატის გამოყენება დაიწყო.

Sinovac

საქართველოში ჩინური ვაქცინის 100 000 დოზა გუშინ ჩამოვიდა, რომელიც ჩინეთის მთავრობის დონაციაა საქართველოს მიმართ. კლინიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, 29 აპრილს გამართულ ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ Sinovac-ის გამოყენება დაიწყება მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მას ავტორიზაციას მიანიჭებს.

„მაისის დასაწყისი აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას დაანონსებული, როგორც Sinovac-ის ავტორიზაციის თარიღი. ამდენად, ამას დაველოდებით და თუ გადავადდა და დაყოვნდა, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, საბჭო დამატებით იმსჯელებს მისი გამოყენების პირობებზე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აცრისთვის ჯავშანი booking.moh.gov.ge-ზე კეთდება, ან შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე - 1522.

ამ დროისთვის სულ აცრილია - 45 338, დღიურად აცრილთა რაოდენობა 1729-ს შეადგენს. 29 აპრილის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია 5218 ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრა ძალიან რეალისტურია. წინასწარი რეგისტრაცია ამ დროისთვის 66,299 ადამიანს აქვს გავლილი.

საქართველო მოლაპარაკებას Novavax-თან, Moderna-სთან და Johnson & Johnson-თანაც აწარმოებს.

რა ტექნოლოგიით მზადდება ვაქცინები

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით: არსებობს 5 ტექნოლოგია - ყველაზე ძველი და ტრადიციული, როდესაც ორგანიზმში შეჰყავთ დასუსტებული ვირუსი, ანუ ცოცხალი დასუსტებული ვირუსი, რომელსაც ახლა ძალიან ნაკლებად იყენებენ.

შემდეგი, ისევ ძველი ტექნოლოგია, ეს არის, როდესაც შეჰყავთ დახოცილი ინაქტივირებული ვირუსი, მაგრამ ვირუსი მაინც მთელი თავისი ცილებით და კომპონენტებით. ასეთია ჩინური ვაქცინები Sinovac-ი და Sinopharm-ი, ეს არის ძველი ტრადიციული ტექნოლოგია.

არის საშუალო ტექნოლოგია ძველსა და ახალს შორის, რომელსაც გამოიყენებს Novavax-ი. ორგანიზმში შეჰყავთ არა ვირუსი, არც ცოცხალი არც დახოცილი, არამედ ვირუსისგან გაწმენდილი, გამოტანილი ცილები. ეს არის ანალოგი იმისა, როგორიც არის გრიპის ვაქცინა.

და 2 ახალი ტექნოლოგია: როდესაც შეჰყვათ არა ცილა, არა ვირუსი, არამედ რნმ-ი, ეს არის Moderna და Pfizer-ი, რნმ-ი შემდეგ ორგანიზმს აძლევს ინსტრუქციას, რომ გამოიმუშაოს ვირუსის ცილები და ამ ცილების მიმართ იგივე ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს.

და მეხუთე ტექნოლოგია ე.წ. ვექტორული, რომელსაც მიეკუთვნებიან AstraZeneca და Jonson &Jonson-ი. ორგანიზმში შეჰყავთ არა ცილის გარსში გახვეული როგორც Moderna-ს და Pfizer-ს, არამედ გადამტანად იყენებენ ადენოვირუსს, რომელიც არის უწყინარი ვირუსი, ამ ადენოვირუსში ჩანერგავენ ინფორმაციას კორონავირუსის ცილების მისაღებად, ადენოვირუსს შეუყვანენ ორგანიზმს, ადენოვირუსი იშლება, გამოათავისუფლებს ინფორმაციას, ხდება ისევ ცილების წარმოება და შემდეგ ანტისხეულების.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 476 ადამიანს დაუდასტურდა, 791 გამოჯანმრთელდა, 15 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 310 310-ს. სულ 4 110 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ყველაზე მეტი - 923 შემთხვევაა თბილისში, ყველაზე ნაკლები - ერთი შემთხვევა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დაფიქსირდა. ამ დროისთვის კორონავირუსი 15 407 ადამიანს აქვს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 27 თებერვალს გამოვლინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია ამავე წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ცნობისათვის, დიდ ბრიტანეთში მოსახლეობის 21.01% პროცენტია სრულად აცრილი. აშშ-ში - 27.90%.

ისრაელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. სრულად აცრილია მოსახლეობის 50%-ზე (56.23%)მეტი. 24 აპრილს, ბოლო 10 თვეში პირველად, ისრაელში დღე-ღამეში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა.