ნათია თურნავას ინფორმაციით, თანამშრომლების აცრის შემთხვევაში ტურიზმის სფეროს კომპანიებს COVID-უსაფრთხო სტატუსი მიენიჭებათ

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, სტუმარ-მასპინძლობის სექტორში მომუშავე კომპანიებს, რომელთა თანამშრომლების უმრავლესობა COVID-19-ის საწინაარმდეგო ვაქცინით აიცრება, “COVID უსაფრთხო” დაწესებულების სტატუსით ისარგებლებს.

“ტურისტული ინდუსტრია იქნება პრიორიტეტული ჯგუფი ვაქცინაციის კონტექსტში, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე მოვახდინოთ ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა, მისი მარკეტინგული მხარდაჭერა საერთაშორისო პლატფორმაზე, რათა სრულიად მსოფლიომ შეიტყოს, რომ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია არის კოვიდ უსაფრთხო. ეს შესაძლებელია სწრაფი ვაქცინაციის გზით. ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება, რაც ძალიან სწრაფად აღგვადგენინებს ეკონომიკას. ჩვენ და სამინისტროს სისტემაში შემავალი ტურიზმის ადმინისტრაცია იმმუშავებენ სხვადასხვა ასოციაციასთან, ეს არის ტურისტული ასოციაცები, რესტორატორთა ასოციაციები, სასტუმროების ასოციაციები, რათა რაც შეიძლება მალე შედგეს სხვადასხვა რესტორნის, სასტუმროს, ტურ-ოპერატორი კომპანიების თანამშრომლების სიები და მოხდება მათი ორგანიზებული, ნებყოფლობითი ვაქცინაცია. ჯანდაცვის სამინისტრო ამაში დაგვეხმარება.

შედეგად, ის ორგანიზაციები სადაც დასაქმებული პერსონალის უდიდესი უმრავლესობა იქნება ვაქცინირებული, ჩაითვლება ე.წ. კოვიდ უსაფრთხო სასტუმროებად, რესტორნებად, კომპანიებად და ჩვენ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ჩვენს ხელთ არსებული მარკეტინგული საშუალებებით, გავუწევთ პრომოუშენს [რეკლამას] და მსოფლიო შეიტყობს რომ საქართველოში ესა თუ ის სასტუმრო ან რესტორანი არის კოვიდ უსაფრთხო” – ამბობს თურნავა.