40-ზე მეტი ქვეყანა და 65 მილიონზე მეტი გამოყენებული დოზა - რა უნდა ვიცოდეთ ,,სინოფარმზე"? - ზახაშვილის განმარტება

რა ტიპის ვაქცინაა ,,სინოფარმი" და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ - ამ და ვაქცინასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი საუბრობს.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოში ,,სინოფარმით" ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, გუშინ ვაქცინაცია 793 ადამიანმა ჩაიტარა.

ზახაშვილის თქმით, მაღალი აქტივობა დაფიქსირდა და ყველა ვინც იყო ვაქცინაზე რეგისტრირებული ფაქტობრივად აიცრა.

როგორც ზახაშვილის ამბობს, ჩინური წარმოების COVID19-ის საწინააღმდეგ ვაქცინა ჩინეთის მონაცემებით 40 ქვეყანაში არის გამოყენებაში, ჯანმოს ინფორმაციით, კი გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში 45 ქვეყანაში არის მისი გამოყენება შესაძლებელი.

მისივე თქმით, უკვე ვაქცინის 65 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული.

,,ეს არის ჩინური წარმოების ვაქცინა, მწარმოებელს ქვია ,,სინოფარმი". თვითონ ვაქცინა რეგისტრირებულია ჩინეთში და თვითონ ეს ქვეყანა ძალიან ფართოდ იყენებს მას.

ვაქცინის სახელიდან გამომდინარე ეს არის COVID19-ის ვაქცინა და არა Sars-Cov2-ის ვაქცინა, ანუ გამომწვევ ვირუსის. ეს ცხადყოფს იმას, რომ ვაქცინა ეფექტურია დაავადების განვითარების (განსაკუთრებით მძიმე ფორმებისა და ლეტალური გამოსავლების) წინააღმდეგ.

როგორც ჩინეთი აღწერს, ვაქცინა რეგისტრირებულია 40 ქვეყანაში, ხოლო ჯანმო აღწერს, რომ ვაქცინა 45 ქვეყნის იურისდიქციაში, ანუ ტერიტორიაზეა ავტორიზებული საგანგებო სიტუაციაში მოხმარებისათვის. დღეისთვის ცნობილია, რომ ამ ვაქცინის 65 მილიონზე მეტი დოზა არის გამოყენებული, მათ შორის დიდი რაოდენობაა ორჯერადაც აცრილი ადამიანების. ჩვენც უკვე შევუერთდით იმ ქვეყანათა რიგს, რომლებმაც დაიწყო მოსახლეობის ,,სინოფარმით" ვაქცინაციის პროცესი.

18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის ეს ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომია, - განაცხადა ზახაშვილმა.

როგორია ვაქცინაციის შედეგები იმ ქვეყნებში სადაც ,,სინოფარმს" იყენებენ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი ამბობს, რომ ვაქცინა საკმაოდ ეფექტურია და ზოგიერთი კვლევის მიხედვით, მისი ეფექტურობა 89%-საც სცილდება.

,,როგორც ჩანს საკმაოდ ეფექტური შედეგები აქვთ, სწორედ ამ შედეგებს (ნაწილს) პოსტავტორიზაციის კვლევისას იყენებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ვაქცინის შეფასებისთვის. ნაწილს იყენებს ავტორიზაციამდე მესამე ფაზის, პირველ-მეორე ფაზის კვლევის შედეგებს, რაც აჩვენებს, რომ ვაქცინა არის უსაფრთხო და მაღალეფექტური სხვადასხვა კვლევების მიხედვით, ეფექტურობის მაჩვენებელი რამდენადმე ცოტა განსხვავებულია, თუმცა ეს ასე ხდება ყოველთვის ახალი ვაქცინის შეფასებისას.

როგორც ჩანს, მისი ეფექტურობა სცილდება იმ პირობით ზღავრს, რომელსაც ჯანმო უწესებს ვაქცინებს საგანგებ სიტუაციაში გამოყენებისთვის, ზოგი კვლევის მიხედვით, ვაქცინის ეფექტურობა 89%-საც სცილდება", - განაცხადა ზახაშვილმა.

რატომ არის რეკომენდირებულია ვაქცინა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის

ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ კვლევების ჩატარება სწორედ ამ ასაკობრივი ჯგუფიდან დაიწყო.

მისივე თქმით, 18 წლის ასაკის ზევით მოსახლეობაში უმთავრესი ჩატარებული კვლევები სანდო, საიმედო ინფორმაციას იძლევა 18-59 წლის ასაკობრივ კატეგორიაზე.

,,როგორც ვაქცინის შემქმნელებისგან მოწოდებული ინფორმაციიდან და ვაქცინის ინსტრუქციიდან ირკვევა, ასევე, რაც ჯანმომ განიხილა დოკუმენტაცია ვაქცინის ირგვლივ, პირველ მეორე მესამე ფაზაში რეალურად კვლევები ჩატარებული იყო 18 წლის ასაკის ზევით მოსახლეობაში უმთავრესი ჩატარებული კვლევები სანდო, საიმედო ინფორმაციას იძლევა 18-59 წლის ასაკობრი კატეგორიაზე , თუმცა მიღებული აქვს 60 წელს ზემოთ ასაკობრივ კატეგორიასაც და ამ ასაკობრივ კატეგორიაშიც საკმაოდ ეფექტურია.

ჯერჯერობით დაბალ ასაკში ვაქცინაზე კვლევები ჩატარებული არ არის, შესაბამისად, რეკომენდირებულია 18 წლის ზევით მოხდეს ვაქცინაცია.

დიდი ინტერესის სფეროა, 60 წლის ასაკის ზევით ჩინეთის პოსტავტორიზაციული კვლევისას ჩატარებულია ასე ვთქვა მიდევნება, რომლის მიხედვითაც 1 100 000 დოზა ვაქცინაზე, რომელიც 60 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებს ჩაუტარდათ, გვერდითი მოვლენები მხოლოდ 49 შემთხვევაში დაფიქსირდა.

23 შემთხვევაში თავბრუსხვევა, 9 შემთხვევაში თავის ტკივილი , 9-ში დღლილობა , 6 შემთხვევაში ალერგიული დერმატიტის გამოხატულება, ხოლო კიდევ 6 შემთხვევაში ტემპერატურის მატება - ასე რომ გვერდითი მოვლენები ვაქცინას საკმაოდ დაბალი აქვს 60 წლის ზევითაც", - განაცხადა მან.

საქართველოში სად და რომელ ქალაქებშია შესაძლებელია ,,სინოფარმით" აცრა

დაავადებათა კონტროლის წარმომადგენელი ამბობს, რომ ვაქცინაციის მსურველებს ყველა დიდ ქალაქსა და მუნიციპალურ ცენტრში შეუძლიათ ვაქცინაციის ჩატარება.

,,სინოფარმით" აცრა შესაძლებელია ყველა დიდ ქალაქში და მუნიციპალურ ცენტრში, სადაც არის მსხვილი სამედიცინო მომსახურეობის მიმწოდებელი. მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ყველა დიდი საავადმყოფო და პოლიკლინიკა, რომელიც ამ ტიპის მომსახურეობებს აწვდიან მოსახლეობას. მათი რიცხვი თანდათან იზრდება , რეალურად ყოველდღიურ რეჟიმში მატულობს მატი რიცხვი. რეგისტაციის დროს მოქალქეებს შეუძლიათ, თავად აირჩიონ სად სურთ რეგისტრაცია, რომელ კლინიკაში", - განაცხადა ზახაშვილმა.

რა ინტერვალით უნდა გაკეთდეს მეორე დოზით ვაქცინაცია

ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ მწარმოებელი გასცემს რეკომენდაციას, რომ ,,სინოფარმის" პირელი დოზით ვაქცინაციის შემდეგ, მეორე დოზით აცრა 21-28 დღის შემდეგ უნდა ჩატარდეს.

მისივე თქმით, იმ ადამიანებისთვის, ვინც პირველი დოზით აიცრებიან, ვაქცინის მეორე დოზა გადანახული იქნება.

,,მწარმოებელი იძლევა რეკომენდაციას, რომ პირველი დოზით აცრიდან მეორე დოზით ვაქცინაციის ინტერვალი უნდა იყოს 21-28 დღის შემდეგ. ამ ინტერვალით უნდა განხორციელდეს ვაქცინაცია.

ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც პირველი დოზით აიცრება, გარანტირებულად ინახება მათთვის ვაქცინის მეორე დოზაც, ასე რომ ამის შიში ნურავის ექნება, ყველასთვის მეორე დოზა ვაქცინა არის გადადებული, შენახული. მთავარია არ დაგავიწყდეთ, 21-28 დღეში ხელმეორედ დარეგისტრირდეთ ვაქცინის მისაღებად, მიმართოთ ამცრელ დაწესებულებას და გაიკეთოთ აცრა ამავე ვაქცინით", - ამბობს ზახაშვილი.

ამავე თემაზე: რომელი ქვეყნები იყენებენ Sinopharm-ს და ვისთვის არის პრეპარატი ხელმისაწვდომი საქართველოში