კრიზისების დროს შექმნილი ვითარებით რუსეთის მიერ სარგებლობაზე, საერთაშორისო პარტნიორების რიგი განცხადებების შემდეგ, რუსეთის გავლენის ზრდასა და რუკის ახალი გადანაწილების საფრთხეზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიანიშნა. გაბრიელიუს ლანდსბერგისმა საქართველო რამდენიმე დღის წინ დატოვა, საკუთარ შთაბეჭდილებებზე კი გუშინ, მისივე პოსტში გაამახვილა ყურადღება. ის მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები სხვადასხვა პრობლემის წინაშე დგანან, ერთი იდენტური ფენომენით - რუსეთის გავლენა რეგიონში იზრდება.
„სამივე ქვეყანაში ექსპერტები ერთსულოვნად თანხმდებიან, რომ გეოპოლიტიკური არეალიდან აშშ-ის უკან დახევა, ევროკავშირის სიფრთხილე და რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა, რუკის ახალი გადანაწილების საფრთხეს ქმნის. სწორედ ამიტომ, სამხრეთ კავკასიას ქვეყნებს მეტი ევროპა სჭირდებათ“, - გაბრიელიუს ლანდსბერგისის ეს სიტყვები სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის შემდეგ, მინისტრის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.
„დასავლეთის ყურადღება საკმარისი არ არის, რუსეთის გავლენა იზრდება. საქართველოს გამოწვევები ჩვენთვის უფრო ცნობილია. 2008 წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი ახალ ჯარისკაცებს ამაგრებს და ახალ ბაზებს აშენებს“, - ვკითხულობთ ლიეტუველი დიპლომატის ტექსტში.
„აშშ-მა და ევროპამ რუსეთის საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უფრო მეტი სურვილი გამოავლინეს მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა“, - მიიჩნევს ლუის ნავარო, საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსი.
„საქართველოს დემოკრატიული გზა, ქვეყნის მთავარი აქტივია აშშ-ისა და ევროპისთვის, რაც უფრო შემცირდება დემოკრატია, მით უფრო დიდია გამოწვევა დასავლეთისკენ გზაზე“, - განაცხადა მან Europetime-თან საუბრისას.
ლუის ნავაროს განცხადებით, თუ ქართული პოლიტიკური კლასი ვერ შეძლებს, უფრო მეტი რეაგირება მოახდინოს მათი ამომრჩევლის ნებაზე და მიაღწიოს სახელმწიფოებრივი საკითხების გადაწყვეტას, საბოლოოდ დასავლეთის მთავრობებში შემცირდება ინტერესი, რომ მათ უფრო მეტი პოლიტიკური და მატერიალური დახმარება გასწიონ.
საგარეო პოლიტიკის ექსპერტი, გიორგი გობრონიძე მიიჩნევს, რომ დასავლეთის პასიურობა უფრო ალბათ იმითაა განპირობებული, რომ საკმაოდ ბევრ პრობლემასთან უწევს გამკლავება, თუმცა იგივე ევროკავშირის ჩართულობა ჩვენს პოლიტიკურ კრიზისში მიუთითებს იმაზე, რომ ეს რეგიონი მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის.
„თუმცა ევროკავშირი ზოგადად, ხისტი, ღია აქტიური ნაბიჯებით ნაკლებად გამოირჩევა და თავის ნელი, ტლანქი გადაწყვეტილების მიღების მექანიზმით და ზომიერი გადაწყვეტილებებით ვერ შეძლებს, რეგიონში მოსკოვს გაუწიოს კონკურენცია, რომელიც პირდაპირ, „რეალპოლიტიკის“ პრინციპებით ზრდის ადგილზე ძალასა და სამხედრო ყოფნას.
ასევე მხედველობაშია მისაღები თურქეთის ფაქტორი, რადგან რეგიონი რეალურად ყალიბდება რუსულ-თურქული კონკურენციის ზონად და მაღალია ალბათობა, რომ ეს ორი ძალა აქ ადგილს არავისთვის დატოვებს. გადანაწილების საფრთხეს ნაკლებად ვხედავ, რუსეთს არაფრის განაწილება არ უნდა ვინმესთან. მას უფრო მეტად, რეგიონში ცალსახა და ერთპიროვნული ჰეგემონია სურს“, - განუცხადა გიორგი გობრონიძემ Europetime-ს.
„დემოკრატიის დაცვის ალიანსის“ დირექტორი გერმანიის მარშალის ფონდში ლორა თორნტონი მიიჩნევს, რომ კრემლი ნამდვილად აღფრთოვანებული იქნება დემოკრატიის წარუმატებლობით საქართველოში თუ აშშ-ში.
ლორა თორნტონმა Europetime-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ბოლო დროს გადადგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი რუსეთის ჩარევასთან მიმართებით (აშშ-ის არჩევნებში, კიბერშეტევები და ა.შ.), მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.
„შეერთებულმა შტატებმა თავის ევროპელ მოკავშირეებთან პარტნიორობით უნდა იმოქმედოს, რადგან მიდგომა „იმოქმედე მარტო“, არ იქნება ეფექტური. მათ ერთად უნდა შეიმუშაონ ყოვლისმომცველი სტრატეგია კიბერ თავდასხმებზე, დეზინფორმაციაზე, საზიანო მიზნით ფინანსური რესურსის გამოყენებაზე, ეკონომიკური იძულების შესახებ უფრო მკაცრი სანქციების საშუალებით. ასევე საჭიროა, მივიღოთ შედეგები ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა, ნავალნის მდგომარეობა და უკრაინაში ბოლოდროინდელი ქმედებები“, - მიაჩნია „დემოკრატიის დაცვის ალიანსის“ დირექტორს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა თვლის, რომ რუსეთი იყო მთავარი, ვინც სარგებლობდა საქართველოში კრიზისული ვითარების დრის, თუმცა „ახლა, როდესაც საქართველოს მთავრობამ და ოპოზიციამ მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას, ეს საქართველოსთვის კარგია და ეს ასევე კარგია ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია.
„საქართველოსთვის და ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის, ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის პოზიტიური განვითარება“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა.
არის თუ არა უფრო ქმედითი ნაბიჯები დრო, რაც ასევე შეიძლება, რომ გულისხმობდეს NATO-ს გაფართოებას, ლორა თორნტონი მიიჩნევს, რომ ეს რა თქმა უნდა, არის შესაძლებლობა და ამ მიდგომას NATO-ს მხარდაჭერა აქვს.
„საქართველოს თავგანწირვა ავღანეთში და სხვაგან, უმაღლეს დონეზეა შეფასებული და აღიარებული და ეს არ უნდა იყოს დავიწყებული. თუმცა, NATO-ს გაფართოება საქართველოს შიდა პოლიტიკურ და დემოკრატიის პრობლემებს ვერ გადაჭრის. სინამდვილეში, ძლიერი შიდა დემოკრატიისა და მმართველობის დემონსტრირებაა წევრობის წინაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი არ მეპარება, კრემლი სარგებლობს საქართველოში დისფუნქციურობით, რასაც ამგვარი განხეთქილებები კიდევ უფრო ამწვავებს, საქართველომ პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს. მჯერა საქართველოს შესაძლებლობის, გააძლიეროს მისი მმართველობა და დემოკრატიული ინსტიტუტები“, - აღნიშნავს ლორა თორნტონი.
მეთიუ ბრაიზა არ ფიქრობს, რომ საქართველოში პოლიტიკური შეთანხმება იმის ნიშანია, რომ ევროკავშირი და NATO საქართველოსთან მიმართებით უფრო გააქტიურდებიან და უფრო მეტი სურვილი ექნებათ, დაეთანხმონ საქართველოს გაწევრიანებას ამ ორივე ორგანიზაციაში, რადგან პოლიტიკურმა კრიზისმა დიდი გავლენა იქონია საქართველოს მისწრაფებაზე წევრობის მიმართულებით.
„ასე რომ, ჯერ დროა საჭირო, ვიდრე ჯერ კიდევ შეთანხმება სრულად განხორციელდება როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან. მაშასადამე, ევროკავშირს და NATO-ს დრო სჭირდებათ, დაინახონ, რომ საქართველოს დემოკრატია ნორმალურად მუშაობს“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა.
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, NATO-ს მოკავშირეები მხარს უჭერენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
„მათ შემდეგ სამიტებზე კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება. მეორე, NATO არის ალიანსი, რომელიც ეფუძნება ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებს, როგორიცაა კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ინდივიდუალური თავისუფლება. მოქალაქეთა მიერ თავისუფალ და სამართლიან პირობებში გამართულად ფუნქციონირებადი პარლამენტი, ის საკითხია, რომელსაც ნებისმიერ დემოკრატიაში ცენტრალური ადგილი უკავია.
მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეშფოთების საგანს წარმოადგენდა, თუმცა, ახლა დროა, წინ ვიყუროთ. მჯერა, რომ შეთანხმება შესანიშნავ პოზიციაში აყენებს საქართველოს, რათა ყურადღება რიგ შეყოვნებულ რეფორმებზე გაამახვილოს. ეს ავტომატურად მნიშვნელოვანია NATO-ში წევრობისთვის მომზადების კონტექსტშიც.
ნებისმიერ შემთხვევაში განვაგრძობთ საქართველოს პრაქტიკულ დახმარებას, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის საშუალებით, რომელიც ახლახან განახლდა. აღნიშნული პაკეტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შესაძლებლობების განვითარებას და საბოლოოდ, საქართველოს NATO-ში წევრობისთვის მომზადებას ისახავს მიზნად“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ Europetime-თან ინტერვიუში.