როგორ მიმდინარეობს ვაქცინაცია სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში

თურქეთში კოვიდვაქცინის ორივე დოზა 9,596,952 ადამიანმა (11.50%) გაიკეთა.

ამ დროისთვის, 84 მილიონიან ქვეყანას შეთანხმება აქვს 240 მილიონი დოზის მომარაგებაზე სამი მწარმოებლისგან, მათ შორის 100 მილიონი დოზა ჩინური სინოვაკისგან, 90 მილიონი დოზა Pfizer-BioNTech-სგან და 50 მილიონი დოზა რუსული Sputnik V– სგან. თურქეთში ვაქცინაცია იანვარში დაიწყო.

ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, თურქეთმა გასულ ხუთშაბათს ქვეყნის მასშტაბით ლოკდაუნი დააწესა, რომელიც 17 მაისამდე გაგრძელდება.

დადასტურებული შემთხვევები - 4,955,594, გარდაცვლილი - 41,883.

გასულ 24 საათში 26,476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 356 გარდაიცვალა.

აზერბაიჯანში სრულად ვაქცინირებულია (5.55%) 556,323 ადამიანი. გასულ 24 საათში 1,080 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 20 გარდაიცვალა. სულ აღრიცხულია 323,841 შემთხვევა. გარდაცვლილია - 4,617. ქვეყანამ ვაქცინაცია 18 იანვარს ჩინური სინოვაკით დაიწყო. ამჟამად ხელმისაწვდომია Astrazeneca-ც. აზერბაიჯანმა Sputnik V-ც შეიძინა.

სომხეთში კოვიდვაქცინით 6,000 ადამიანი აიცრა - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა დღეს განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვებგვერდზე, ვაქცინაციასთან დაკავშირებით, სომხეთის გრაფა ცარიელია და მხოლოდ ის არის აღნიშნული, რომ 565 დოზაა ადმინისტრირებული. სომხეთმა ვაქცინაცია Astrazeneca-ს ვაქცინით დაახლოებით ერთი თვეა, დაიწყო. 8 აპრილს ქვეყანამ Sputnik V-ც მიიღო.

ამავე წყაროს მიხედვით, სომხეთში 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 გარდაიცვალა.

ცნობისათვის, საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია, 43 200 დოზა 13 მარტს ჩამოვიდა. ქვეყანამ ვაქცინაცია Oxford/Astrazeneca-ს პრეპარატით, 15 მარტს დაიწყო.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3 651-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 51 600 მოქალაქემ ჩაიტარა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გუშინ რეკორდული რაოდენობის, 3600 მოქალაქე აიცრა.