ენმ-ძალა ერთობაშიას წევრის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის თქმით, მელია გირაოს გადახდასა და ელექტრონული სამაჯურის გაკეთებას არ აპირებს.
"ნიკა მელია არ აპირებს სამაჯურის გაკეთებას. მან არაერთხელ დააფიქსირა, რომ ვინაიდან ეს გადაწყვეტილება იყო უკანონო, ის არის მხოლოდ ერთი მიზნით გაკეთებული, რომ ჩამოაცილონ ნიკა მელია აქტიურ პოლიტიკურ პროცესებს. მათ შორის, არც გირაოს გადახდას, არც სხვა აღკვეთის ღონისძიებით, თუ რაიმე ახალს მოიფიქრებს სასამართლო. არ მგონია, რომ სასამართლომ ეს აბსურდული შუამდგომლობა დააკმაყოფილოს". – ამბობს კონდახაშვილი.
მისივე თქმით, პოლიტიკურად დადგა იმის აუცილებლობა, რომ პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართოს, რათა, მისივე სიტყვებით, საზოგადოების თვალში გამოჩნდეს, რომ რეაგირება მოახდინეს.
"ერთმნიშვნელოვნად ვაფიქსირებ, რომ ბრალდების მხარე არის სამართლებრივ აბსურდში შესული. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განმარტებულია, რომ თუ ბრალდებული არღვევს აღკვეთის ღონისძიებას, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო უფრო მკაცრ აღკვეთის ღონისძიებას უფარდებს და გირაოს თანხა ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ამ შემთხვევაში, ერთი მხრივ, პროკურორი ამბობს, რომ ნიკა მელიამ დაარღვია აღკვეთის ღონისძიება, თუმცა პატიმრობას არ ან ვერ იყენებენ. ამ შუამდგომლობას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ნიკას გირაო ისედაც შეფარდებული აქვს და არათუ საზღვრის გადაკვეთა, ჩამორთმეული აქვს სახლიდან გასვლის უფლება, სიტყვით გამოსვლის უფლება, დაწესებული აქვს ელექტრონული მონიტორინგი. მაგრამ არცერთი ეს აღკვეთის ღონისძიება არ მუშაობს, გუშინ და გუშინწინ კი არ გაიგო პროკურატურამ, რომ აღკვეთის ღონისძიება არ მუშაობს, ფარატინა ფურცელი, ფიქცია და პოლიტიკური კონტექსტის მატარებელია, ეს, დაახლოებით, ერთი წელია, გრძელდება". –ამბობს ადვოკატი.
გენერალური პროკურატურის განცხადებით, უწყება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერისთვის, ნიკა მელიასთვის 100 000-ლარიან გირაოსა და საზღვრის კვეთის აკრძალვას ითხოვს, ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.
პროკურატურამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნიკა მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.
"მთავარია, შენს თავს არ უღალატო და თუ ჩვენ ჩვენს თავს არ ვუღალატებთ, სხვებსაც არ ვუღალატებთ და მე უბრალოდ აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას. გამორიცხული ამბავია. მე ამ სამაჯურს აღარ ვატარებ, იმიტომ, რომ ეს არის უსამართლობის სიმბოლო, ეს არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბამ, გამორიცხულია და ზუსტად ვიცი, ვიჯდები მე ციხეში, თუ ვიქნები თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში, ერი გაიმარჯვებს". – თქვა მაშინ ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას ამ გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე, რომელმაც თქვა, რომ დაიჭერენ თუ არა ოპოზიციურ ლიდერს, ეს სამართალდამცავი უწყებების გადაწყვეტილებაა, თუმცა, ეს მას პოლიტიკურად სწორად არ მიაჩნია.
20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.
იმ დროს ენმ-ის დეპუტატს გამოძიება 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა.