დევიდ კრამერი: ახლა, როცა ნიკა მელია თავისუფალია, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უნდა შევიდეს

"ახლა, როცა ნიკა მელია თავისუფალია, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უნდა შევიდეს", - ამის შესახებ ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა და დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მიმართულებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.

"კარგია, რომ ნიკა მელია პატიმრობაში აღარ არის. სამწუხარო ისაა, რომ ევროკავშირის ნება გახდა საჭირო მისი გირაოს გადასახდელად. მიუხედავად ამისა, ახლა, როდესაც ის თავისუფალია, ენმ-მა უნდა დაიკავოს ადგილები პარლამენტში, ხოლო "ქართული ოცნება" მზად უნდა იყოს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მისცეს საქმე კონკრეტულ კომიტეტებში და უზრუნველყოს მათი საჭირო რეპრეზენტაცია", - ამბობს კრამერი.

კრამერის თქმით, კრიზისი, რომელიც ახლა ქვეყანაშია, "ქართულმა ოცნებამ" შექმნა, თუმცა იმისთვის, რომ ეს პრობლემა დაიძლიოს, საჭიროა, უთანხმოებების წარსულში დატოვება და მომავალზე ორიენტირება.

"დროა საქართველოში ეს კრიზისი, რომელიც თებერვალში, "ქართული ოცნების" მესვეურებმა შექმნეს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე შტურმითა და მელიას დაკავებით, წარსულში დარჩეს. ამ ქმედებამ პოლიტიკური ჩიხი, პოლიტიკურ კრიზისად აქცია. საქართველოს არ შეუძლია კიდევ ერთი დღე მაინც დაკარგოს კრიზისში, ის დემოკრატიულ გზაზე უნდა დაბრუნდეს", - განაცხადა კრამერმა.

გუშინ, სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამენიმე საათში, ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა.