განგაშის სიგნალისას ზუსტად წუთნახევარი გაქვს, რომ თავი შეაფარო - ისრაელში მცხოვრები ქართველი არსებულ ვითარებას Europetime-თან აღწერს

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მიმდინარე კვირას ღაზის სექტორიდან ნასროლია 1750-ზე მეტი რაკეტა, დაღუპულია 7 და დაჭრილია 523-ზე მეტი ადამიანი. რაკეტები საცხოვრებელ სახლებს, სკოლას, ჰოსპიტალსა და ავტობუსს დაეცა. ამავე ინფორმაციით, საპასუხო ავიაიერიშებისას ღაზის სექტორში განადგურებულია 650-ზე მეტი ტერორისტული სამიზნე და მოკლულია „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ 100-ზე მეტი წევრი. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო იერიშებმა სამოქალაქო პირები, მათ შორის ოცამდე ბავშვი იმსხვერპლა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გუშინ საღამოს განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე ისრაელში სიმშვიდე და უსაფრთხოება არ აღდგება. მისივე თქმით, „ჰამასს“ და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს ისრაელზე თავდასხმა ძვირად დაუჯდებათ.

ისრაელში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც გამოეხმაურა. დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალყურს ისრაელში მიმდინარე მოვლენებს და გმობს ძალადობას.

მისი თქმით, რეგიონში დაძაბულობის განმუხტვა უალტერნატივოა. რაც შეეხება ქართველების მდგომარეობას, ამ დრომდე ოფიციალურად ცნობილია, რომ ერთი მოქალაქე დაშავდა მსუბუქად.

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ღაზის სექტორში ოპერაცია მანამ გაგრძელდება, სანამ ისრაელში მშვიდობა და უსაფრთხოება არ აღდგება

ისრაელში მცხოვრებ ქართველს Europetime ესაუბრა. ნატალია იაკობაშვილი აღნიშნავს, რომ მის გარშემო ყველა თანამემამულის მდგომარეობა ნორმალურია და მათ დაზიანებები არ მიუღიათ.

Europetime-თან საუბარში იმ დღეს იხსენებს, როდესაც ვითარება პირველად დაიძაბა:

სამარშრუტო ტაქსით მივდიოდი ქალაქ ლუდში, აეროპორტის მიმართულებით... პირველი განგაშის სიგნალი რომ ჩაირთო, ქალაქ ხულონში ვიყავი, რაც ზოგადად ამ ქალაქისთვის და ასევე ბათიამისთვის და თელ-ავივისთვის ხშირი მოვლენა არ არის. შესაბამისად, დავტოვეთ სამარშრუტო ტაქსი. ადამიანები ტრასაზე იწვნენ, მათ შორის ბავშვები... ჩვენ შენობა-ნაგებობას შევაფარეთ თავი..

წელიწადნახევარია, რაც ისრაელის მოქალაქე ვარ და ასეთი მოვლენის წინაშე პირველად აღმოვჩნდი. ნამდვილად არ არის მარტივი მოსასმენი...განგაშის სიგნალი ძალიან შემზარავია, ამ სირენის განმავლობაში ზუსტად წუთნახევარი გაქვს, რომ თავი შეაფარო დაცულ ტერიტორიას და თუ ამ დროს ტრასაზე ხარ, უნდა დაწვე, ხელები აიფარო და ორი მეტრით მოშორდე სამარშრუტო ტაქსს ან ავტომობილს. მოკლედ, ძალიან სწრაფი და ძლიერი უნდა იყო“, - განუცხადა ნატალია იაკობაშილმა Europetime-ს.

ისრაელის ელჩი: ძნელია იმის პროგნოზირება, როგორ და როდის დასრულდება კონფლიქტი

რა მდგომარეობაა ახლა ადგილზე

„გუშინდელი დღის შემდეგ განგაშის სიგნალი არ ჩართულა. საღამოს საათებში შეინიშნებოდა არაბების მოძრაობა, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები. ამ ეტაპზე სიმშვიდეა. რამდენიმე საათში რა იქნება, ეს არავინ იცის, რადგან არც თუ ისე მარტივია პროგნოზი. რა თქმა უნდა, დაძაბულობა არის და ვცდილობთ, არ ავყვეთ პანიკას და დავიცვათ დაწესებული უსაფრთხოების ნორმები. გაოცებული ვარ ებრაელი ხალხის სიძლიერით, როგორ უძლებენ ამ ყველაფერს ბევრი წლის განმავლობაში. ზუსტად ვიცით, რომ ისრაელი გაიმარჯვებს, რადგან ეს არის გმირების და ღმერთის ქვეყანა“, - განუცხადა ნატალია იაკობაშვილმა Euriopetime-ს.

ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს მიმართავს