ისრაელის ელჩი: ჩემთვის მთავარი პრიორიტეტია ისრაელის გამოცდილების გაზიარება, რათა ხელი შევუწყოთ ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებს და ინვესტიციებს

ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რან გიდორმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, ამჟამად, საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვა (42 მილიონი აშშ დოლარი 2019 წელს) შემცირებულია და ინვესტიციების დონე საკმაოდ დაბალია. ამასთან, მნიშვნელოვანია, გავაგებინოთ ისრაელელებს, რომ საქართველოს გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე მხოლოდ ხაჭაპური, ხინკალი და კარგი ღვინო.

„ისრაელსა და საქართველოს ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობები ჰქონდათ და ამას ამტკიცებს ის აშკარა უზარმაზარი მხარდაჭერაც, რომელსაც დღევანდელი კონფლიქტის დაწყებიდან ვგრძნობთ ქართული საზოგადოებისგან. ამასთან, ჩემი აზრით, ძირითადი ყურადღება ეთმობა ჩვენს ბრწყინვალე 26 საუკუნოვან წარსულ, თანაარსებობის ისტორიას და კარგი იქნება, უფრო მეტი ძალისხმევა იქნას მიმართული, რომ ახალი ბიძგი მიეცეს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. დიალოგები, მეგობრობის ჯგუფები და ორმხრივი ვიზიტები თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ საბოლოო ჯამში, მათ პრაქტიკულ შედეგებამდე მიყვანა სჭირდებათ.

ამჟამად, საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვა (42 მილიონი აშშ დოლარი 2019 წელს) შემცირებულია და ინვესტიციების დონე საკმაოდ დაბალია. ამიტომ, ჩემთვის მთავარი პრიორიტეტია ისრაელის გამოცდილების გამოყენება, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს მაღალტექნოლოგიურ ეკოსისტემას, ჩამოვაყალიბოთ შეთანხმებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებს და ინვესტიციებს, სოფლის მეურნეობის, სამეცნიერო და სამრეწველო ერთობლივი საწარმოების შექმნას.

გასულ თვეში (2021 წლის აპრილი) ისრაელიდან საქართველოში (თურქეთის შემდეგ) ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა. 2019 წელს ამ ქვეყანას 200,000-ზე მეტი ჩემი თანამემამულე ეწვია - ეს შემოსავლისა და სამუშაო ადგილების უზარმაზარი წყაროა საქართველოს ეკონომიკისთვის და ჩვენ უნდა გავაგებინოთ ისრაელელებს, რომ საქართველოს გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე მხოლოდ ხაჭაპური, ხინკალი და კარგი ღვინო“, - აღნიშნა ისრაელის ელჩმა.