ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების ატოცისა და ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მხრიდან კვლავ დაფიქსირდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტი, – ამის შესახებ საქართვლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება.
გააქტიუტებულია „ცხელი ხაზი“ გააქტიურდა.
„ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მხრიდან კვლავ დაფიქსირდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტი. აღნიშნული უკანონო აქტივობა წარმოადგენს საოკუპაციო ძალების მორიგ სახიფათო და უკიდურესად დესტრუქციულ ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს და ხელყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, რაც კიდევ უფრო გაართულებს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას. საოკუპაციო ძალების მორიგ უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები. უსაფრთხოების გარემოს დაზიანების კუთხით, საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმული დესტრუქციული ნაბიჯები, კიდევ ერთხელ მწვავედ იქნება დასმული, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM), ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდებზე“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: ოკუპანტებმა ორიოდ დღის წინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. ადგილობრივები შიშობენ, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა სასოფლო–სამეურნეო მიწები და საცხოვრებელი სახლებიც აღმოჩნდება.