საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნებას Europetime-თან ინტერვიუში საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თენგიზ ფხალაძე აფასებს. ის ერთ ფაქტორს უსვამს ხაზს. კერძოდ, სამივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, სამივე ქვეყანაში ამ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის არქიტექტორი არის რუსეთის ფედერაცია და ფაქტობრივად, რუსეთი ცდილობს ამ სამივე ქვეყანაზე ზეგავლენის შენარჩუნებას და პრევენციას იმისა, რომ ეს ქვეყნები ინტეგრირებულები იყვნენ დასავლურ და ევროპულ ოჯახში.
თენგიზ ფხალაძე დარწმუნებულია, რომ პარტნიორები ასოცირებული ქვეყნების ამ გზავნილს მიესალმებიან, ხელს შეუწყობენ და ევროკავშირიდან უფრო მეტი ნაბიჯი გადაიდგმება, რომ ამ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა განვითარდეს.
„ეს იდეა პირველად გაჩნდა, როდესაც უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, იქედან მოყოლებული ლაპარაკია, რომ სამი სახელმწიფო, რომლებიც დაწინაურდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობაში, პრინციპში ერთად მიუყვებიან ამ გზას. რატომ იყო ასოცირების შეთანხმება მნიშვნელოვანი? ამით მათ ნათლად დააფიქსირეს საკუთარი გზა და საკუთარი მომავალი, რომ ამ ქვეყნებს შორის პარტნიორობის ახალი პლატფორმა შექმნილიყო, რათა მათი პოლიტიკური ინტერესები, პოლიტიკური დღის წესრიგი, განსახორციელებელი რეფორმები და ასე შემდეგ, ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან. და, სამწუხარო ფაქტორი, სამივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული, სამივე ქვეყანაში ამ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის არქიტექტორი არის რუსეთის ფედერაცია და ფაქტობრივად, რუსეთი ცდილობს ამ სამივე ქვეყანაზე ზეგავლენის შენარჩუნებას და პრევენციას იმისა, რომ ეს ქვეყნები ინტეგრირებულები იყვნენ დასავლურ და ევროპულ ოჯახში , - აცხადებს Europetime-თან ინტერვიუში საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თენგიზ ფხალაძე.
მისივე თქმით, მთავარია, რომ აქტიურად შევუდგეთ ამ შეთანხმების იმპლემენტაციას.
„ბატონი კუბილიუსის განცხადება კიდევ ერთი შემოძახება იყო, რომ ასეთი რამის განხორციელება არის აუცილებელი და რომ ეს კიდევ ერთხელ წაადგებათ ამ ქვეყნებს ორი მიზეზის გამო. ერთი - ამით ისინი შეძლებენ, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და დაეხმარონ ერთმანეთს, მეორე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ქვეყნები ერთიანი პოზიციით, ერთიანად გამოდიოდნენ საერთაშორისო არენაზე, რითაც ისინი აძლიერებენ ერთმანეთს და ევროკავშირისთვისაც ამას ექნება მნიშვნელობა, რადგან როდესაც ქვეყნების ჯგუფი აკეთებს ხოლმე განაცხადს, პარტნიორები ამას ყოველთვის მიესალმებიან და პირიქით, დარწმუნებული ვარ, ისინი ხელს შეუწყობენ და ევროკავშირიდან უფრო მეტი ნაბიჯი გადაიდგმება, რომ ამ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა განვითარდეს. ევროკავშირი ორიენტირებულია ასეთი ტიპის თანამშრომლობებზე.
კუბილიუსის განცხადება აბსოლუტურად თანხვედრაშია იმასთან, რაზეც მიმდინარეობს საუბარი საექსპერტო, ანალიტიკურ წრეებსა და პოლიტიკოსებში. ზოგადად, ძალიან კარგია, რომ ამას მოჰყვა კონკრეტული ნაბიჯები ამ ქვეყნების ხელისუფლებებიდან და საგარეო საქმეთა მინისტრებმა მართლაც ძალინ მნიშვნელოვან დოკუმენტს მოაწერეს ხელი, ეს არის ძალიან კარგი ჩვენთვისაც, უკრაინისთვისაც, მოლდოვისთვისაც. მთავარია, რომ აქტიურად შევუდგეთ ამ შეთანხმების იმპლემენტაციას. ეს რა თქმა უნდა, მხოლოდ საქართველოზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია ჩვენს პარტნიორებზე, რომ ეს პოლიტიკური ნება გადაიზარდოს პრაქტიკულ საქმიანობაში, ინიციატივებში, რომლებიც ყველას დაგვეხმარება და საერთო სიკეთეს მოგვიტანს“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე.
გზავნილი ევროკავშირისთვის
ეს ქვეყნები ითვალისწინებენ ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციას; მეორე და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის - ამ გზავნილით ჩვენ ვამბობთ მთავარს, რომ ჩვენ მზად ვართ ევროპული ტიპის თანამშრომლობისათვის, რადგან ასეთი ტიპის თანამშრომლობა არის სწორედ ევროპული ტიპის პოლიტიკა.
როდესაც ქვეყნები ერთმანეთს ეხმარებიან, როდესაც განიხილავენ ერთმანეთს იმ პარტნიორებად, რომლებსაც უნდა გაუზიარონ გამოცდილება; რომლებსაც უნდა დაეხმარონ - ეს არის ევროპული პოლიტიკის, ევროპული ურთიერთობების აშენება და ამით ჩვენს პარტნიორებთან კარგ გზავნილს ვუშვებთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ ტიპის პოლიტიკის წარმოება; შეგვიძლია ამ ტიპის ურთიერთობები ერთმანეთთან; ვეხმარებით ერთმანეთს და ერთის წარმატებაა ყველას წარმატება. ანუ, ერთმანეთში კონკურენტებს კი არ ვხედავთ, არამედ ვხედავთ იმას, რომ ერთად მეტის მიღწევა შეგვიძლია.
შეუწყობს თუ არა ხელს მემორანდუმის გაფორმება ევროინტეგრაციის გზაზე უფრო მეტად ეფექტურ წინსვლას
„ეფექტიანობის ამაღლებას ხელს შეუწყობს, თუმცა ერთი რამეც უნდა გვახსოვდეს, რომ ერთად ქმედება კარგია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გამოვიყენებთ ამ მექანიზმს კონკრეტული ქმედებების საჩვენებლად, ამიტომ, ეს არის დამხმარე მექანიზმი, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაშიც ჩვენ უფრო მოკლედ პერიოდში უფრო კარგ შედეგს მივაღწევთ“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე.
„ასოცირების ტრიოს“ გზავნილი ევროკავშირს
რას გულისხმობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ გაფორმებული „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი