საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი 17 მაისს, კიევში გააფორმეს. ეს ინიციატივა და ტრიოს მხრიდან ერთიანი სტრატეგიის შემუშავებაზე მოსაზრება დაახლოებით ერთი კვირის წინ, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა გააჟღერა.
რას გულისხმობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ გაფორმებული „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი
ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს სჭირდება მეტად ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაცია, როგორც ევროკავშირის ინსტიტუციებში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ამისათვის კი, კარგი იქნება, თუკი საქართველო (შესაძლოა მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად), შექმნის ერთგვარ ანალიტიკური ცენტრის/პლატფორმას, რომელიც ინსტიტუციურ, პოლიტიკურ, სამოქალაქო და ა.შ. წრეებთან თანამშრომლობით, ამ სამი ქვეყნის საგარეო მიზნებს მხარს დაუჭერს. მისი თქმით, ასევე მისასალმებელი იქნება, თუკი საქართველო ინსტიტუციურად ჩაერთვება „ევროპის მომავლის“ კონფერენციაში და ევროგაერთიანების მომავლის შესახებ ხედვას დააფიქსირებს.
„ჩვენ, ჩვენი მხრივ ვცდილობთ, ვესაუბროთ დედაქალაქებს, ვცდილობთ, ორგანიზება გავუწიოთ გარკვეული სახის ქსელს - think-thank-თან, პოლიტიკურ საზოგადოებასთან, რომ ვისაუბროთ ახალ იდეებზე, რომ წინ წავიწიოთ და ამისთვის, უკრაინელებთან, ქართველებთან, მოლდოველებთან ერთად, ჩვენ გვჭირდება საერთო სამოქმედო გეგმა და სტრატეგიული კომუნიკაციის გრძელვადიანი ხედვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან“, - აღნიშნა კუბილიუსმა.
„ასოცირების ტრიო“ - ეს არის გზავნილი, რომ სამი ევროპელი სახელმწიფო ევროპული კავშირის განუყოფელი ნაწილია“, - ასე შეაფასეს დოკუმენტზე ხელმომწერებმა დღეს მემორანდუმის გაფორმება. ამასთან მიიჩნევენ, რომ ეს არის ძალიან დროული გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს ევროინტეგრაციის გზაზე უფრო ეფექტურად წავიდეს წინ სამივე ქვეყანა.
„ეს იდეა პირველად გაჩნდა, როდესაც უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, იქედან მოყოლებული ლაპარაკია, რომ სამი სახელმწიფო, რომლებიც დაწინაურდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობაში, პრინციპში ერთად მიუყვებიან ამ გზას. რატომ იყო ასოცირების შეთანხმება მნიშვნელოვანი? ამით მათ ნათლად დააფიქსირეს საკუთარი გზა და საკუთარი მომავალი, რომ ამ ქვეყნებს შორის პარტნიორობის ახალი პლატფორმა შექმნილიყო, რათა მათი პოლიტიკური ინტერესები, პოლიტიკური დღის წესრიგი, განსახორციელებელი რეფორმები და ასე შემდეგ, ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან. და, სამწუხარო ფაქტორი, სამივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული, სამივე ქვეყანაში ამ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის არქიტექტორი არის რუსეთის ფედერაცია და ფაქტობრივად, რუსეთი ცდილობს ამ სამივე ქვეყანაზე ზეგავლენის შენარჩუნებას და პრევენციას იმისა, რომ ეს ქვეყნები ინტეგრირებულები იყვნენ დასავლურ და ევროპულ ოჯახში , - აცხადებს Europetime-თან ინტერვიუში საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თენგიზ ფხალაძე.
ბატონი კუბილიუსის განცხადება კიდევ ერთი შემოძახება იყო, რომ ასეთი რამის განხორციელება არის აუცილებელი და რომ ეს კიდევ ერთხელ წაადგებათ ამ ქვეყნებს ორი მიზეზის გამო. ერთი - ამით ისინი შეძლებენ, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და დაეხმარონ ერთმანეთს, მეორე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ქვეყნები ერთიანი პოზიციით, ერთიანად გამოდიოდნენ საერთაშორისო არენაზე, რითაც ისინი აძლიერებენ ერთმანეთს და ევროკავშირისთვისაც ამას ექნება მნიშვნელობა, რადგან როდესაც ქვეყნების ჯგუფი აკეთებს ხოლმე განაცხადს, პარტნიორები ამას ყოველთვის მიესალმებიან და პირიქით, დარწმუნებული ვარ, ისინი ხელს შეუწყობენ და ევროკავშირიდან უფრო მეტი ნაბიჯი გადაიდგმება, რომ ამ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა განვითარდეს. ევროკავშირი ორიენტირებულია ასეთი ტიპის თანამშრომლობებზე.
კუბილიუსის განცხადება აბსოლუტურად თანხვედრაშია იმასთან, რაზეც მიმდინარეობს საუბარი საექსპერტო, ანალიტიკურ წრეებსა და პოლიტიკოსებში. ზოგადად, ძალიან კარგია, რომ ამას მოჰყვა კონკრეტული ნაბიჯები ამ ქვეყნების ხელისუფლებებიდან და საგარეო საქმეთა მინისტრებმა მართლაც ძალინ მნიშვნელოვან დოკუმენტს მოაწერეს ხელი, ეს არის ძალიან კარგი ჩვენთვისაც, უკრაინისთვისაც, მოლდოვისთვისაც. მთავარია, რომ აქტიურად შევუდგეთ ამ შეთანხმების იმპლემენტაციას. ეს რა თქმა უნდა, მხოლოდ საქართველოზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია ჩვენს პარტნიორებზე, რომ ეს პოლიტიკური ნება გადაიზარდოს პრაქტიკულ საქმიანობაში, ინიციატივებში, რომლებიც ყველას დაგვეხმარება და საერთო სიკეთეს მოგვიტანს“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე.
გზავნილი ევროკავშირისთვის
ეს ქვეყნები ითვალისწინებენ ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციას; მეორე და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის - ამ გზავნილით ჩვენ ვამბობთ მთავარს, რომ ჩვენ მზად ვართ ევროპული ტიპის თანამშრომლობისათვის, რადგან ასეთი ტიპის თანამშრომლობა არის სწორედ ევროპული ტიპის პოლიტიკა.
როდესაც ქვეყნები ერთმანეთს ეხმარებიან, როდესაც განიხილავენ ერთმანეთს იმ პარტნიორებად, რომლებსაც უნდა გაუზიარონ გამოცდილება; რომლებსაც უნდა დაეხმარონ - ეს არის ევროპული პოლიტიკის, ევროპული ურთიერთობების აშენება და ამით ჩვენს პარტნიორებთან კარგ გზავნილს ვუშვებთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ ტიპის პოლიტიკის წარმოება; შეგვიძლია ამ ტიპის ურთიერთობები ერთმანეთთან; ვეხმარებით ერთმანეთს და ერთის წარმატებაა ყველას წარმატება. ანუ, ერთმანეთში კონკურენტებს კი არ ვხედავთ, არამედ ვხედავთ იმას, რომ ერთად მეტის მიღწევა შეგვიძლია.
შეუწყობს თუ არა ხელს მემორანდუმის გაფორმება ევროინტეგრაციის გზაზე უფრო მეტად ეფექტურ წინსვლას
„ეფექტიანობის ამაღლებას ხელს შეუწყობს, თუმცა ერთი რამეც უნდა გვახსოვდეს, რომ ერთად ქმედება კარგია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გამოვიყენებთ ამ მექანიზმს კონკრეტული ქმედებების საჩვენებლად, ამიტომ, ეს არის დამხმარე მექანიზმი, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაშიც ჩვენ უფრო მოკლედ პერიოდში უფრო კარგ შედეგს მივაღწევთ“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე.
სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის, კახა გოგოლაშვილის განცხადებით კი, აუცილებელია, რომ საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ საბოლოო ჯამში შექმნან მჭიდრო ურთიერთობის ფორმატი იმისთვის, რომ ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე უფრო დეტალურად ისაუბრონ ერთმანეთთან, ევროკავშირთანაც საკითხები ერთად, ერთიანი ხმით გაიტანონ და შეეცადონ, მოამზადონ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მომავალი წევრობის განაცხადისთვის, რომელიც ალბათ ერთობლივად გაკეთდება.
დავით ზალკალიანი: "ასოცირებული ტრიოს" ფორმატი ამოქმედდა! - ერთად ევროპული მომავლისკენ
„შესაძლოა, ასევე შექმნან რეგიონული ორგანიზაცია, რომელიც არამარტო ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე იმუშავებს, არამედ ასევე ერთმანეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, სამ ქვეყანას შორის უფრო გაღრმავებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ადამიანურ კავშირებზე, ხელშეწყობაზე, განათლებაზე და ასე შემდეგ; რეგიონული ბლოკი იქნება პროევროპული და იფიქრებს იმაზე, რომ ერთმანეთს შეუწყონ ხელი ევროპაში ინტეგრაციისთვის.
ამავე დროს, გააღრმავონ ერთმანეთთან ურთიერთობები ყველა მიმართულებით. ეს საბოლოო ჯამში აუცილებლად დაეხმარება სამივე ქვეყანას, რადგან ევროკავშირის მხრიდანაც იქნება შეგრძნება, რომ სერიოზული განწყობაა ევროპაში ინტეგრაციისთვის და ერთობლივად მუშაობა მიმდინარეობს. ეს ბევრ რამეს შესძენს ამ ქვეყნებს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივის თვალსაზრისით. ევროკავშირმა თავის დროზე შეუწყო ხელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თანამშრომლობას. მაგალითად, ვიშეგრადის თანამშრომლობას, რომელიც ევროკავშირის ხელშეწყობით ჩამოაყალიბეს.
შემდეგ, ევროკავშირის ხელშეწყობით ბალკანეთში რამდენიმე რეგიონული თანამშრომლობის ფორმატი და ორგანიზაცია ჩამოყალიბდა. აღმოსავლეთ პარტნიორობაში ზუსტად იმაზეა აქცენტი ხშირად, რომ ქვეყნებმა რეგიონული თანამშრომლობა გააღრმავონ. მით უმეტეს, ასოცირებულებმა, რომლებიც პირველ რიგში მიზნად ისახავენ სწორედ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას და ამაში ურთიერთდახმარებას და თანამშრომლობას. ასე რომ, ევროკავშირი ამას მიესალმება და აუცილებლად შეუწყობს ხელს.
რაც შეეხება სამმხრივი თანამშრომლობის განვითარებას ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, მე ნამდვილად მქონდა იდეა, მათ შორის მთავრობასთანაც დამიყენებია ეს საკითხი. ორი წლის წინ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ფორუმის ფარგლებში, არასამთავრობო სექტორის დონეზე, უკრაინის და მოლდოვის დელეგაციასთან ერთად, ექვსთა პლატფორმამ თანამშრომლობასა და ერთობლივ კოორდინაციაზე მოაწერა ხელი. მასში ჩაწერილია, რომ ხელი უნდა შეუწყონ და მაქსიმალურად შეუქმნან მოტივაცია საკუთარ მთავრობებს, რომ მათ დაამყარონ ეს სამმხრივი ურთიერთობები. ჯერ სამმხრივი ურთიერთობები არ ჰქონდათ დამყარებული, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება ჩვენი სამი ქვეყნის, ამისკენ უბიძგებდა მთავრობებს“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.
მისივე თქმით, ანდრიუს კუბილიუსმა საკმაოდ აქტიურად დაიწყო ამ საკითხის ლობირება. „ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე ასევე საუბრობდა, რომ თვითონ აღმოსავლეთ პარტნიორობაში შეიქმნას ამ სამი ქვეყნისთვის ცალკე ფორმატი. ამის აქტიური მხარდამჭერი და აქტიური ხელშემწყობია, ტრიო მისი ტერმინია“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი.
უკრაინაში საქართველოს ყოფილი ელჩი, ვალერი ჩეჩელაშვილი მემორანდუმის გაფორმებას მიესალმება და ვიშეგრადის ოთხეულის ევროკავშირთან დაახლოების პროცესთან ავლებს პარალელს.
„ეს არის ცასლახად ძალიან კარგი მემორანდუმი. მე ეს ცოტათი მაგონებს ვიშეგრადის ოთხეულის ევროკავშირთან დაახლოების პროცესს, მაშინ, ვიშეგრადის ქვეყნები, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი ერთდროულად უახლოვდებოდნენ ევროკავშირს და ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი, რამაც განაპირობა ევროკავშირში წარმატებით გაწევრიანება ამ 4 ქვეყნის, იყო ის, რომ ეს ოთხივე ქვეყანა არამხოლოდ დეკლარირებდა, არამედ ერთმანეთთან ურთიერთობებს აფუძნებდა ევროკავშირის თანამშრომლობით პრინციპებზე, ტრადიციებზე და კრიტერიუმებზე. ეს ევროკავშირის გადასახედიდან ძალიან მიმზიდველი ფაქტორი იყო და ამტკიცებდა იმას, რომ ეს ოთხი ქვეყანა მზად იყო საიმისოდ, რომ გაწევრიანებულიყო ევროკავშირის სივრცეში.
თუ ეს მემორანდუმი განხორციელდება ყოველდღიურ საგარეო პოლიტიკურ საქმიანობაში; თუ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ერთმანეთთან ურთიერთობებში იხელმძღვანელებენ ნამდვილად ევროპული ფასეულობების და თანამშრომლობის ტრადიციებით, ეს იქნება ხელშემწყობი ფაქტორი ამ სამივე ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების და ამ თვალსაზრისით მხოლოდ შემიძლია მივესალმო ამ მემორანდუმის გაფორმებას.
როგორ აფასებენ ქართველი ექსპერტები ანდრიუს კუბილიუსის მოსაზრებას
როგორც მე მესმის, ეს არის იმის ვალდებულება, რომ ძალიან მჭიდროდ მოახდინონ კოორდინირება საკუთარი პოლიტიკური პრიორიტეტების და მინიმუმ, საკუთარი პოლიტიკის ევროკავშირთან მიმართებით. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამას უფრო ფართო საფუძველი უნდა ჰქონდეს, საგარეო პოლიტიკის კოორდინირებაზე უნდა იყოს საუბარი, ვინაიდან ევროკავშირის ქვეყნები ძალიან მჭიდროდ უთანხმებენ ერთმანეთს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, როგორც ცნობილია, საგარეო საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელიც კი ჰყავთ, ჟოზეპ ბორელი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, გაცილებით უფრო ძლიერ სვლად იქნება ევროპელების მხრიდან აღქმული ის ფაქტი, თუ სამივე ქვეყანა სინქრონულად გააკეთებს ამ განაცხადს. იმედი მაქვს, ასეც მოხდება, რადგან ცალ-ცალკე ამის გაკეთება, სამ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, ჩემ მიერ ზემოთ აღნიშნული პრინციპების დანერგვის დადასტურება არ იქნება.
იმედი მინდა ვიქონიო, რომ ეს მემორანდუმი არ დარჩება მხოლოდ ლამაზ და გაფორმებულ დოკუმენტად, არამედ იქნება გზამკვლევი ამ სამივე ქვეყნის ერთმანეთთან ურთიერთობებსა და ევროპასთან დაახლოებაში. ასევე - კონკრეტულად ისეთ სტრატეგიულ საკითხებზე, რაც უკავშირდება კანდიდატობის სტატუსს, იქნება ძალიან მჭიდრო და ერთობლივი გადაწყვეტილებები“, - განუცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა Europetime-ს.
რას გულისხმობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ გაფორმებული „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი