საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აურელიუ კიკომ კიევში ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერეს ევროკავშირის სამი ასოცირებული ქვეყნის - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას - საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე. ეს ინიციატივა და ტრიოს მხრიდან ერთიანი სტრატეგიის შემუშავებაზე მოსაზრება დაახლოებით ერთი კვირის წინ, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა გააჟღერა.
მემორანდუმის ხელმოწერით, სამი ქვეყნის საგარეო უწყებები თანხმდებიან ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატის - „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე, რომლის მიზანი სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავებაა.
მემორანდუმის ხელმოწერით, სამი ქვეყნის საგარეო უწყებები თანხმდებიან ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატის - „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე, რომლის მიზანი სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავებაა.
მემორანდუმში სამივე ქვეყანა აღიარებს, რომ მათი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, რის საფუძველსაც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლი წარმოადგენს. თავის მხრივ, ტრიოს ქვეყნები განახორციელებენ ასოცირების შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებს, ევროინტეგრაციის საბოლოო მიზნის მისაღწევად.
ასოცირებული ტრიო ითანამშრომლებს ევროინტეგრაციის საერთო ინტერესების საკითხებზე, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებების განხორციელებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი განვითარების მიზნით. სამი ქვეყანა ერთობლივად იმუშავებს ევროკავშირთან მეტი დაახლოების, პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების და ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის მიმართულებით.
ასოცირებული ტრიოს ასევე მიზნად ისახავს, ევროკავშირთან ერთად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის განხორციელების საფუძველზე, მიაღწიოს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე სრული ინტეგრაციის ხელშეწყობასა და დაჩქარებას; ამავდროულად, სამი ქვეყანა ერთობლივად განაგრძობს ევროკომისიასა და ასოცირებულ ტრიოს შორის დიალოგის შემდგომ განვითარებას, ისეთი პრიორიტეტულ დარგებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია, მწვანე ეკონომიკა, სტრატეგიული კომუნიკაციები და სხვა. გარდა ამისა, სამი ქვეყანა გააღრმავებს ევროკავშირთან თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის და, ასევე, ევროკავშირის შესაბამის სააგენტოებსა და პროგრამებში შემდგომი მონაწილეობის მიმართულებებით.
ასოცირებული ტრიოს ქვეყნები მტკიცე იმედს გამოთქვამენ, რომ, მეტი-მეტისათვის მიდგომის საფუძველზე, ასოცირებული ქვეყნებისთვის ეტაპობრივად გაიხსნება ევროკავშირში ინტეგრაციისა და სამართლებრივი თუ ინსტიტუციური დაახლოების ახალი შესაძლებლობები, რაც მეტ კონკრეტულ სარგებელს მოუტანს სამივე ქვეყნის მოქალაქეებს.
მემორანდუმში ხაზგასმით აღნიშნულია ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობა ასოცირებული პარტნიორების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც მათ წინაშე არსებულ საფრთხეებთან გამკლავების კუთხით. სამივე ქვეყანა ერთობლივად იმუშავებს კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში ევროკავშირის მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად.
მემორანდუმის საფუძველზე დაფუძნებული ასოცირებული ტრიო ფორმატი ითვალისწინებს რეგულარულ და საგანგებო სამმხრივ კონსულტაციებს, საგარეო საქმეთა სამინისტროებში შესაბამისი კოორდინატორების დანიშვნას, ასევე მაღალი რანგის ოფიციალური პირებისა და, საჭიროებისამებრ, მინისტრების დონეზე შეხვედრებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში მნიშვნელოვანი ღონისძიებების წინ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან დიალოგის ერთობლივი პლატფორმების ჩამოყალიბებას და სხვადასხვა საჯარო ღონისძიებების ორგანიზებას.
ევროინტეგრაციის მიმართულებით ერთიანი სამოქმედო გეგმის საჭიროებაზე, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი ჯერ კიდევ Europetime-თან ინტერვიუში საუბრობდა.
ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს სჭირდება მეტად ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაცია, როგორც ევროკავშირის ინსტიტუციებში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ამისათვის კარგი იქნება, თუკი საქართველო (შესაძლოა მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად), შექმნის ერთგვარ ანალიტიკური ცენტრის/პლატფორმას, რომელიც ინსტიტუციურ, პოლიტიკურ, სამოქალაქო და ა.შ. წრეებთან თანამშრომლობით, ამ სამი ქვეყნის საგარეო მიზნებს მხარს დაუჭერს. მისი თქმით, ასევე მისასალმებელი იქნება, თუკი საქართველო ინსტიტუციურად ჩაერთვება „ევროპის მომავლის“ კონფერენციაში და ევროგაერთიანების მომავლის შესახებ ხედვას დააფიქსირებს.
ანდრიუს კუბილიუსი: ჩვენ, ჩვენი მხრივ ვცდილობთ, ვესაუბროთ დედაქალაქებს, ვცდილობთ, ორგანიზება გავუწიოთ გარკვეული სახის ქსელს - think-thank-თან, პოლიტიკურ საზოგადოებასთან, რომ ვისაუბროთ ახალ იდეებზე, რომ წინ წავიწიოთ და ამისთვის, უკრაინელებთან, ქართველებთან, მოლდოველებთან ერთად, ჩვენ გვჭირდება საერთო სამოქმედო გეგმა და სტრატეგიული კომუნიკაციის გრძელვადიანი ხედვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.
მისი ეს მოსაზრება Europetime-თან ინტერვიუში ანალიტიკოსებმაც შეაფასეს. თეონა ლავრელაშვილმა, რომელსაც ევროსტრუქტურებში მუშაობის საინტერესო გამოცდილება აქვს და ამჟამად ლუვენის უნივერსიტეტში პოლიტიკური პარტიების პროგრამას ხელმძღვანელობს, Europetime-თან ინტერვიუში ხაზს უსვამს საქართველოს მხრიდან ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას.
მისი თქმით, საჭიროა დიპლომატიის ჰოლისტიკური სტრატეგია, რაც გულისხმობს პოლიტიკური, დიპლომატიურ და ინსტიტუციურ (მათ შორის აკადემიური/ არასამთავრობო) აქტორებთან თანამშრომლობის მეტ კოორდინაციას.
თეონა ლავრელაშვილს მიაჩნია, რომ უნდა გააქტიურდეს თანამშრომლობა ე.წ. think-tank-ებთან და სხვადასხვა ფონდთან და კარგი იქნებოდა, თუკი მართლაც შემუშავდება ხედვა, რომელიც განსაზღვრავს შესაძლებლობას, რომ ბრიუსელში ჩამოყალიბდეს ერთგვარი ცენტრი/ფონდი/think-tank, რომელიც იმუშავებს საქართველოს და/ან რეგიონის მიმართულებით (მსგავსი ფონდი/ორგანიზაცია მართლაც შეიძლება ჩამოაყალიბონ ტრიომ - საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ, რათა ერთობლივი ძალებით წარმოადგინონ ევროკავშირში ერთიანი პოზიციები, ეს პოლიტიკურად და ფინანსურად იქნებოდა სტრატეგიული ნაბიჯი).
ხოლო ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და მიმართულება „ევროპა მსოფლიოში“ ხელმძღვანელი სტივენ ბლოკმანსი ასევე მიესალმება აზრს, რომ კარგი იქნება, თუკი საქართველო ინსტიტუციურად ჩაერთვება „ევროპის მომავლის“ კონფერენციაში და დააფიქსირებს საკუთარ ხედვას ევროგაერთიანების მომავლის შესახებ.
მისი შეხედულებით, ეს ინიციატივა არამხოლოდ სტრატეგიულად არის მნიშვნელოვანი საქართველოს იმიჯისთვის ევროპის დონეზე¸ არამედ არის აგრეთვე შინაარსობრივად საინტერესო საქართველოს და მისი მოქალაქეებისათვის, რადგან მათ მიეცემათ შესაძლებლობა, ჩაერთონ ევროკავშირისათვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიმართულებების შექმნის და განვითარების პროცესში.
საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი იდეის განხორციელება ქვეყნისთვის აუცილებელია. მისი თქმით, კუბილიუსის ასეთ კარგ მოსაზრებას მთავრობის მხრიდან სწორი შეფასება და სწორი ქმედებები სჭირდება.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი აღნიშნავს, რომ იდეის განხორციელება ბრიუსელში, სხვადასხვა ფორმით, სამი ქვეყნის საელჩოების კოორდინაციით შეიძლება.
„მაგალითად, აუცილებელი არ არის საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ბრიუსელში საკოორდინაციოდ რაიმე ცენტრი ჰქონდეთ. სამივე ქვეყანას აქვს წარმომადგენლობა ევროკავშირში და მათ შეუძლიათ, სრული კოორდინაციისთვის, ურთიერთობის გარკვეული მექანიზმი ჩამოაყალიბონ. ისინი წარმოადგენენ თავის ქვეყნებს, თავის საგარეო საქმეთა სამინისტროებს და შეიძლებოდა მათი გაძლიერება დამატებითი, ერთი ან ორი შტატით, რომლებიც მხოლოდ ამ საკითხებზე იმუშავებდნენ, უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ერთობლივ პროექტებზე, საერთო სტრატეგიაზე, ერთობლივ განცხადებებსა და ერთობლივ ლობირებაზე ევროკავშირის ინსტიტუტებში. ამისთვის ცალკე ცენტრის ჩამოყალიბება აუცილებელი არ არის. ეს შეიძლება საელჩოების კოორდინაციის დონეზე გაკეთდეს“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი.
„კარგი იქნება თუ სამივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, ბრიუსელში საკუთარ ელჩებს კუბილიუსთან შეხვედრას და ამ ინიციატივის განხილვას დაავალებენ“, - აცხადებდა Europetime-თან საუბრისას უკრაინაში საქართველოს ყოფილი ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი.
ეს არის ძალიან კარგი წინადადება. სამივე ქვეყნას საელჩოები გვყავს ბრიუსელში. იქ ჩვენმა წარმომადგენლებმა უნდა გაზარდონ ურთიერთქმედების ხარისხი და უფრო ეფექტურად იმუშაონ სამ ხმაში. ამ ინიციატივის საპასუხოდ, როგორც მინიმუმ, სამი ქვეყნის დედაქალაქმა საკუთარ ელჩებს ბატონ კუბილიუსთან სამმხრივ ფორმატში შეხვედრის ინსტრუქცია უნდა მისცენ, დაელაპარაკონ და გარკვეული მოქმედების გეგმა შეათანხმონ, სად უნდა მივიდნენ, რა უნდა გააკეთონ, რა თანმიმდევრობით გამართონ შეხვედრები, სადილებზე დაპატიჟონ ხალხი და ა.შ. ეს უკვე ექნებოდა საკმაოდ ეფექტური შედეგების მომტანი. წინადადება თავისთავად კარგია, მაგრამ უფრო ეფექტური იქნება, თუ ის დაემყარება სისტემურ მიდგომას და პოლიტიკას ამ სამმხრივ ფორმატში, რომელსაც მე სამწუხაროდ ვერ ვხედავ“, - აცხადებს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი.
მისივე თქმით, შესაძლებელია, ევროპარლამენტში, ან ევროპულ ფონდში იგივე ბატონი კუბილიუსის მხარდაჭერით, ერთი ოთახი მაინც რომ გამოიყოს ანალიტიკური ცენტრისთვის.
„სამი ადამიანია საჭირო, რომ ერთ ხმაში სამი ქვეყნის წარმომადგენლებმა ევროპულ სტრუქტურებთან ისაუბრონ, ყოველდღე კარზე აკაკუნონ, ხალხი შეაწუხონ. ამას ექნება მართლაც სერიოზული ეფექტი, რომელიც სერიოზულ შედეგებს გამოიღებს. ამით ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ის, რითაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ბალტიისპირეთის და ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებმა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ვინაიდან ვართ ასოცირების პროცესის მონაწილე ქვეყნები, უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ურთიერთობებს ვამყარებთ ევროპულ ტრადიციებზე, პრინციპებზე, კრიტერიუმებსა და პრაქტიკაზე. მაგრამ ეს მარტო საუბარი არ უნდა იყოს. ევროკავშირის წარმომადგენლები, აქ ბატონი ჰარცელი, უკრაინასა და მოლდოვაში ევროკავშირის ელჩები, აკვირდებიან თუნდაც ორმხრივ ურთიერთობებს, აგერ უკრაინა-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები სახეზეა, სირთულეების გადალახვა მოგვიწია. ელჩი არ გვყავდა კიევში. საქართველო მოლდოვას აქტიურობა მაინცდამაინც არ ჩანს. ვიზიტები არ ხორციელდება, ნაკლები კომუნიკაციაა.
მოლდოვაში არჩევნებია კარზე მომდგარი, თავისი პოლიტიკური სირთულეები აქვთ. საქართველო იმყოფება სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისში და ჯერ არ ვიცით, კრიზისიდან ბოლომდე გამოსვლა შესაძლებელია თუ არა. უკრაინა რუსეთის სამხედრო აგრესიის პირისპირ იმყოფება. ჯერ ვერ ვხედავ რომ ამისთვის ჩვენი მთავრობები მოიცლიან. არადა ფაქტია, რომ ანდრიუს კუბილიუსის წინადადება, ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებთან სრულ თანხვედრაშია“, - განუცხადა Europetime-ს ვალერი ჩეჩელაშვილმა.
ამასთან, Europetime-თან ინტერვიუში ევროკავშირი - საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ამბობდა, რომ საქართველომ და ევროკავშირმა ერთად უნდა იპოვონ რეალისტური გზები, რათა საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ გახდეს ევროკავშირის ნაწილი, ან მისი უფრო ახლო პარტნიორი.