Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა „ასოცირებული ტრიოს“ ევროინტეგრაციის გზაზე ეფექტური ერთიანი სტრატეგიის შემუშავების შესახებ ინიციატივა და მოსაზრება დაახლოებით ერთი კვირის წინ გააჟღერა.
ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს სჭირდება მეტად ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაცია, როგორც ევროკავშირის ინსტიტუციებში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ამისთვის კარგი იქნება, თუკი საქართველო (შესაძლოა მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად), შექმნის ერთგვარ ანალიტიკური ცენტრის/პლატფორმას, რომელიც ინსტიტუციურ, პოლიტიკურ, სამოქალაქო და ა.შ. წრეებთან თანამშრომლობით, ამ სამი ქვეყნის საგარეო მიზნებს მხარს დაუჭერს. მისი თქმით, ასევე მისასალმებელი იქნება, თუკი საქართველო ინსტიტუციურად ჩაერთვება „ევროპის მომავლის“ კონფერენციაში და ევროგაერთიანების მომავლის შესახებ ხედვას დააფიქსირებს.
„ჩვენ, ჩვენი მხრივ ვცდილობთ, ვესაუბროთ დედაქალაქებს, ვცდილობთ, ორგანიზება გავუწიოთ გარკვეული სახის ქსელს - think-thank-თან, პოლიტიკურ საზოგადოებასთან, რომ ვისაუბროთ ახალ იდეებზე, რომ წინ წავიწიოთ და ამისთვის, უკრაინელებთან, ქართველებთან, მოლდოველებთან ერთად, ჩვენ გვჭირდება საერთო სამოქმედო გეგმა და სტრატეგიული კომუნიკაციის გრძელვადიანი ხედვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან“, - განუცხადა კუბილიუსმა Europe Time-ს.
ამასთან, Europetime-თან ინტერვიუში ევროკავშირი - საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე აცხადებდა, რომ საქართველომ და ევროკავშირმა ერთად უნდა იპოვონ რეალისტური გზები, რათა საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ გახდეს ევროკავშირის ნაწილი, ან მისი უფრო ახლო პარტნიორი.
უცხოელი პარტნიორების მოსაზრებებს საექსპერტო წრეებში მიესალმნენ. თეონა ლავრელაშვილმა, რომელსაც ევროსტრუქტურებში მუშაობის საინტერესო გამოცდილება აქვს და ამჟამად ლუვენის უნივერსიტეტში პოლიტიკური პარტიების პროგრამას ხელმძღვანელობს, ეს ინიციატივა ევროდეპუტატებთან ერთად Europetime-თან ინტერვიუში გააჟღერა.
მისი თქმით, საჭიროა დიპლომატიის ჰოლისტიკური სტრატეგია, რაც გულისხმობს პოლიტიკური, დიპლომატიურ და ინსტიტუციურ (მათ შორის აკადემიური/ არასამთავრობო) აქტორებთან თანამშრომლობის მეტ კოორდინაციას.
ამასთან, თეონა ლავრელაშვილი აცხადებდა, რომ უნდა გააქტიურდეს თანამშრომლობა ე.წ. think-tank-ებთან და სხვადასხვა ფონდთან და კარგი იქნებოდა, თუკი მართლაც შემუშავდება ხედვა, რომელიც განსაზღვრავს შესაძლებლობას, რომ ბრიუსელში ჩამოყალიბდეს ერთგვარი ცენტრი/ფონდი/think-tank, რომელიც იმუშავებს საქართველოს და/ან რეგიონის მიმართულებით (მსგავსი ფონდი/ორგანიზაცია მართლაც შეიძლება ჩამოაყალიბონ ტრიომ - საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ, რათა ერთობლივი ძალებით წარმოადგინონ ევროკავშირში ერთიანი პოზიციები, ეს პოლიტიკურად და ფინანსურად იქნებოდა სტრატეგიული ნაბიჯი).
მოგვიანებით, 17 მაისს, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი კიევში გააფორმეს.
„ასოცირების ტრიო“ - ეს არის გზავნილი, რომ სამი ევროპელი სახელმწიფო ევროპული კავშირის განუყოფელი ნაწილია“, - ასე შეაფასეს დოკუმენტზე ხელმომწერებმა მემორანდუმის გაფორმება. ამასთან მიიჩნევენ, რომ ეს არის ძალიან დროული გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს ევროინტეგრაციის გზაზე უფრო ეფექტურად წავიდეს წინ სამივე ქვეყანა.
„ასოცირების ტრიოს“ ამ წინ გადადგმულ ნაბიჯს დროული ინიციატივა უწოდა თავად კუბილიუსმა. „მივესალმები ამ ინიციატივის განხორციელებას უფრო მეტად იმის გამო, რომ თავადაც ვგრძნობდი ჩართულობას და ეს ჩემთვის პრაქტიკული დადასტურებაა იმისა, რომ საგარეო პოლიტიკაში, ჩვენ, ლიეტუველებს სერიოზული წვლილის შეტანა შეგვიძლია საგარეო პოლიტიკის ახალი დოქტრინების ფორმირებაში“, - ეს არის ამონარიდი კუბილიუსის ტექსტიდან, რომელიც Facebook-ზე გამოაქვეყნა.
ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა - ლიეტუვას შეუძლია, გავლენა მოახდინოს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების გრძელვადიან პოლიტიკაზე, თუ ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი იდეები და გვაქვს შესაძლებლობა, ასეთი იდეების ირგვლივ თანამოაზრეების რიცხვი გავზარდოთ როგორც ევროკავშირში, ისე საზოგადოებაში, ჩვენს პარტნიორებში. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ევროკავშირს ვუყურებთ რაღაც ისეთს, რაც ჯერ კიდევ უცხოა, ჩვენგან შორსაა, ჩვენი გავლენის მიღმა. ჩვენ მართლაც მეტის მიღწევა შეგვიძლია, უბრალოდ ვისწავლოთ, როგორ ვიმუშაოთ თანმიმდევრულად. ამას მოითხოვს შედეგი, მუშაობა არის გზა ამის მისაღწევად, როგორც ეს ტრიოს სტრატეგიის შედეგმა აჩვენა", - დაწერა კუბილიუსმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.
ინიციატივის საბოლოოდ განხორციელებას მიესალმება თეონა ლავრელაშვილი, რომელიც Europetime-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ იდეას აქვს დიდი პოტენციალი, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სტრატეგიულად განხორციელდება ამ სამი ქვეყნის პოლიტიკური, დიპლომატიური და სამოქალაქო აქტორების მიერ:
_ქალბატონო თეონა, რამდენიმე ხნის წინ, ჩვენთან ინტერვიუში, ევროპარლამენტარ და ევრონესტის პრეზიდენტ ანდრიუს კუბილიუსთან ერთად, იყავით ერთ-ერთი ინიციატორი და მხარდამჭერი მოლდოვის, საქართველოს და უკრაინის ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავების ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებით. ფაქტია, ორი დღის წინ ხელი მოეწერა ე.წ ტრიოს შეთანხმებას, ამ ქვეყნების მონაწილეობით. როგორც ინიციატორი და მხარდამჭერი ამ იდეის, რა პერსპექტივებს ხედავთ ამ შეთანხმებაში?
მიხარია, რომ ეს ინიციატივა საბოლოოდ შედგა. დიახ, ჯერ კიდევ ორი წლის წინ ვსაუბრობდი საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ერთიანი მიდგომის ინსტიტუციონალიზაციაზე ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით. ამის იდეის ირგვლივ რამდენიმე სტატიაც კი გამოვაქვეყნე და ასევე მქონდა არაერთი შესაძლებლობა, რომ ევროპის პოლიტიკოსებთან მესაუბრა გუმ-ის, (GUM – Georgia, Ukraine, Moldova) იგივე ტრიოს შექმნის აუცილებლობაზე. სამწუხაროა, რომ იმ დროს არ მიექცა აღნიშნულ იდეას სათანადო ყურადღება ქართულ დიპლომატიურ წრეებში, და მისი განხორციელება მოხდა მხოლოდ მაშინ, როცა ევროპარლამენტმა და ევროკავშირმა ერთგვარად ‘აიტაცა’ და ე.წ. top-down მიდგომით სამი ქვეყანა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთიანი სტრატეგიით უფრო ეფექტური იქნება ევროკავშირთან დაახლოება.
მიმაჩნია, რომ აღნიშნულ იდეას აქვს დიდი პოტენციალი, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სტრატეგიულად განხორციელდება ამ სამი ქვეყნის პოლიტიკური, დიპლომატიური და სამოქალაქო აქტორების მიერ.
_რა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯები და რა სახის სამუშაოა საჭირო, რომ ამ სამი ქვეყნის ძალისხმევა ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, ბოლომდე იყოს მიყვანილი?
ვფიქრობ, რომ ამ იდეის წარმატება დამოკიდებული იქნება ერთი მხრივ იმაზე, თუ რა პროექტებსა და ინიციატივებს განახორციელებენ ქვეყნები ამ ფორმატის ფარგლებში. ხოლო მეორე მხრივ კი იმაზე, თუ როგორ მოახერხებენ ტრიოს დიპლომატები ამ იდეის ევროკავშირის ინსტიტუციებამდე მიტანას და იმ სკეპტიკური უწყებების დარწმუნებას, რომლებიც თვლიან, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის 6 ქვეყნას მეტი დიფერენციაცია არ სჭირდება (კერძოდ ვგულისხმობ ევროკავშირის დიპლომატიურ უწყებას (European External Action Service).
მნიშვნელოვანია, რომ არამხოლოდ პოლიტიკური წრეები, არამედ ამ სამი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმაც მოახდინონ ძალისხმევის კოორდინაცია და ერთიანი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება, რაც მიმართული იქნება ევროინტეგრაციის პროცესს დაჩქარებისაკენ. დიახ, ერთ-ერთი სამომავლო ნაბიჯი, რომელიც კუბილიუსთან ერთად გავაჟღერე, არის ბრიუსელში ერთგვარი ცენტრი/ფონდი/think-tank-ის ჩამოყალიბება, რომელიც იმუშავებს საქართველოს და/ან რეგიონის მიმართულებით. მსგავსი ფონდი/ორგანიზაცია შეიძლება ჩამოაყალიბოს სწორედ ტრიომ - საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ, რათა ერთობლივი ძალებით მოახდინონ ევროკავშირში ლობირება და ერთიანი პოზიციების წარმოდგენა, ეს პოლიტიკურად და ფინანსურად იქნებოდა სტრატეგიული ნაბიჯი.
_არიან ექსპერტები, რომლებიც თვლიან რომ ამ სამი ქვეყნის კავშირი, გარკვეულწილად შეაფერხებს პროცესს, რადგან ყველა ქვეყანას აქვს გამოწვევები და სირთულეები, მაგალითად კორუფცია, დემოკრატიული განვითარების დონე და ასე შემდეგ...ეს ფაქტორები ხომ არ შეუშლის ხელს ამ ქვეყნებისთვის განსაკუთრებული სტატუსის ერთდროულად მინიჭებას თუ პირიქით, ეს შეიძლება კვალიფიცირდეს სწორედ დემოკრატიული პროცესების განსამტკიცებლად და ამავე დროს ევროკავშირის როლის გაზრდისკენ მიმართულ ნაბიჯად.
არ ვიზიარებ ექსპერტთა ნაწილის ამ მოსაზრებას სულ მცირე 2 მიზეზის გამო. პირველი, ყველა ვთანხმდებით, რომ ეს ინიციატივა არ გულისხმობს ამ ქვეყნების ერთიან პოლიტიკურ ფორმატში მოთავსებას - ეს არის რეგიონული ინიციატივა, რაც გვაძლევს მოქნილობის შესაძლებლობას, ხოლო იმ საკითხებში, რომლებშიც ევროკავშირთან ინდივიდუალისტური მიდგომა არის უკეთესი, ქვეყნებს აქვთ ამის ცალსახა შესაძლებლობა. ტრიო არ წარმოადგენს შემზღუდავ ფაქტორს.
მეორე, ამ სამ ქვეყანას ტრიოს ფორმატში გაცილებით მეტი პოლიტიკური წონა ექნება ერთიანი მიზნის - ევროკავშირში წევრობის (ასოცირების, დამკვირვებლის თუ სრული) მიღწევის პროცესში, ვიდრე ცალ-ცალკე. ამაში დამეთანხმებიან ალბათ ის პროფესიონალებიც, ვინც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს კარგად იცნობენ. ჩვენი ე.წ. ჩვენი ‘negotiation position’ იქნება უფრო მყარი და მეტად სერიოზულად აღქმული ევროკავშირის მხრიდან, ვიდრე ქვეყნების ფრაგმენტული და ნაკლებად სისტემური მიდგომა.