საელჩო: ისრაელელი ტურისტები უკვე საქართველოში არიან და ადგილობრივი ეკონომიკის გამოცოცხლებას უწყობენ ხელს

ისრაელიდან ტურისტების ჩამოსვლაზე საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

ისრაელელი ტურისტები უკვე საქართველოში არიან და ადგილობრივი ეკონომიკის გამოცოცხლებას უწყობენ ხელს. ისრაელელები საქართველოში ჩამოსული უცხოელი ტურისტების სიდიდით მეორე ჯგუფს წარმოადგენენ. გასულ თვეს არანაკლებ 10,098 ტურისტისა ჩამოვიდა ისრაელიდან - ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ თურქეთს ჩამორჩება. ამასთან, უცხოელი ვიზიტორების ტოპ 10 ქვეყნიდან მხოლოდ ისრაელია, რომელსაც არ აქვს სახმელეთო საზღვარი საქართველოსთან და არ ყოფილა საბჭოთა კავშირის წევრი. 2019 წელს ისრაელიდან არანაკლებ 200 000 ტურისტისა ეწვია საქართველოს“, - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა რამდენიმე დღის წინ, Europetime-თან ისაუბრა.

„გასულ თვეში (2021 წლის აპრილი) ისრაელიდან საქართველოში (თურქეთის შემდეგ) ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა. 2019 წელს ამ ქვეყანას 200,000-ზე მეტი ჩემი თანამემამულე ეწვია - ეს შემოსავლისა და სამუშაო ადგილების უზარმაზარი წყაროა საქართველოს ეკონომიკისთვის და ჩვენ უნდა გავაგებინოთ ისრაელელებს, რომ საქართველოს გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე მხოლოდ ხაჭაპური, ხინკალი და კარგი ღვინო“, - აღნიშნა რან გიდორმა.