ვოლოდიმირ ზელენსკი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისთვის სანქციების მოხსნა აშშ-ისა და პირადად ბაიდენის მარცხი იქნება, რუსეთისთვის კი გეოპოლიტიკური გამარჯვება

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისთვის სანქციების მოხსნა აშშ-ისა და პირადად ბაიდენის მარცხი იქნება, რუსეთისთვის კი გეოპოლიტიკური გამარჯვება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრაზეც.

"მე ვთვლი, რომ ეს შეხვედრა აუცილებელია. პრეზიდენტმა ბაიდენმა იცის ჩემი პოზიცია ... ისინი განიხილავენ უკრაინის თემებს მხოლოდ იმ სივრცეში და იმ დღის წესრიგში, რომელსაც მანამდე შევათანხმებთ. რსებობს რაიმე რისკი, რომ ისინი წამოჭრიან ზოგიერთ საკითხს ჩვენი შეთანხმების მიუხედავად? დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს ასეთი რისკები", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მთავარი რისკია, რომ, რუსეთის მხრიდან ზეწოლის გამო, შეერთებულმა შტატებმა შეიძლება მოხსნას სანქციები "ჩრდილოეთის ნაკადი -2"- ის მილსადენზე.

"დიდი რისკია, რომ მათ (რუსებმა) შეიძლება ზეწოლა მოახდინონ შეერთებულ შტატებზე, ან მათ რაიმე სახის შეთანხმება ექნებათ და მოხსნან სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადთან“ დაკავშირებით... მივიჩნევ, რომ ეს აშშ-ის მარცხი იქნება, პირადად პრეზიდენტ ბაიდენის მარცხი იქნება. ამას ვამბობ გულწრფელად. ეს რუსეთისთვის იქნება სერიოზული გეოპოლიტიკური გამარჯვება და ძალისა და გავლენის ახალი გადანაწილება. მე მაშფოთებს ეს სიტუაცია“ , - განმარტა უკრაინის ლიდერმა.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახადა, რომ აშშ-მა გაზსადენ Nord Stream 2 -ის პროექტში ჩართულ კომპანიას - Nord Stream 2 AG-ს და მის აღმასრულებელ დირექტორს, მათიას ვარნინგს სანქციები გაუუქმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის პროექტში ჩართულ კომპანიისთვის (Nord Stream 2 AG) და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, მატიას ვარნიგისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის ოპერატორისთვის სანქციების დაწესებაზე უარის თქმა პოზიტიური სიგნალია