იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ მიმდინარე კვირა გადამწყვეტია ეპიდვითარების თვალსაზრისით. ამის შესახებ ის Europetime-ს ესაუბრა.
„თუ ჩვენ 1500-დან ჩამოვედით 1200-1000-ზე და ასე შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მესამე ტალღის პიკი გვქონდა. პიკი იყო 5 მაისს, როდესაც 2100 ინფიცირებული გვყავდა. სწორედ ამ რიცხვიდან ორი კვირა არის მნიშვნელოვანი. თუ სტაბილურად შემცირებისკენ წავალთ ამ კვირიდან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ წარმატებით დასძლია მესამე ტალღა. ახლა 15000 აქტიური შემთხვევა გვაქვს, მეორე ტალღის დროს - 31 000 გვქონდა.
გარდაცვალების მაჩვენებელი ორი კვირის დაგვიანებით პასუხობს ინფიცირების მაჩვენებელს. მაისის დასაწყისში გვქონდა ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი და ორი კვირის შემდეგ ვიღებთ გარდაცვალების მაღალ მაჩვენებელს. ეს ნიშნავს, რომ თუ ადამიანი მძიმედ დაინფიცირდა, ლეტალობა ინფიცირებიდან ორი კვირის შემდეგ დგება. ამიტომ ვამბობ, ინფიცირების პიკი და გარდაცვალების მაჩვენებელი ამ კვირაში გვექნება სავარაუდოდ მაღალი“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 1 071 ადამაინს დაუდასტურდა, 680 გამოჯანმრთელდა, ხოლო 33 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. გუშინ 1 064 შემთხვევა დადასტურდა, 1 135 გამოჯანმრთელდა, 29 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.