ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი ჯერჯერობით არ გამოვლენილა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბრიფინგზე განაცხადა.
„მოგეხსენებათ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უკვე გამოჩნდა სხვა შტამები - სამხრეთაფრიკული, ბრაზილიური და მათ შორის ინდური. ყველა ამ შტამზე დღეს დაკვირვება მიმდინარეობს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, კერძოდ, ლუგარის ლაბორატორიაში. ჩვენ გვაქვს საშუალება, როგორც PCR-ტექნოლოგიებით, ისე გენომის სეკვენირებით ამ შტამების იდენტიფიცირების. ინდური შტამი ლაბორატორიულად ქვეყანაში ჯერჯერობით არ არის დადასტურებული. როგორც კი დადგინდება და თუ ეს მოხდა, შესაბამისად, გავაკეთებთ განცხადებას“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
გუშინ გახდა ცნობილი, რომ საქართველოში ინდური შტამის შესაძლო შემთხვევას ლუგარის ლაბორატორია იკვლევდა.
კვლევის მიხედვით, Pfizer-ი და AstraZeneca კორონავირუსის ინდური ვარიანტის წინააღმდეგაც ეფექტურია.
მანამდე, ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორმა განაცხადა, რომ ავტორიზებული ვაქცინები ეფექტურია Covid-19-ის ყველა ცნობილი შტამის წინააღმდეგ.