კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ.

როგორც საქართველოს პარლამენტის პრესამსახურში Europetime-ს განუცხადეს, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე თემები განიხილეს.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესსამსახურის ცნობით კი, შეხვედრის ძირითადი თემა „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის“ განხილვა იყო.

„როგორც ევროკავშის ელჩმა თავად განმარტა, შეხვედრა შეეხებოდა „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის“ განხილვას. ეს კანონი მნიშვნელოვანია კიბერუსაფთხოების სფეროსთვის. ეს იყო შეხვედრის ძირითადი თემა", - განუცხადეს Europetime-ს ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

ცნობისთვის, 22 მაისს ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა და ევროპის საბჭოს აპარატის უფროსმა, ნატალია ვუტოვამ პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი მისწერეს. ტექსტი მედიაში არაოფიციალურად გავრცელდა, რომლის მიხედვითაც დიპლომატებმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესის შეჩერება მოითხოვეს.

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ელჩების საპასუხო წერილში წერს, რომ პარლამენტი უფლებამოსილი არაა, გადაავადოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა. მისი თქმით, სასამართლო სისტემაში დანიშვნები არ შეჩერდება.

პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატებს ამცნობს, რომ მომავალ კვირას იურიდიული კომიტეტის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სასამართლო რეფორმაზე მუშაობის დასაგეგმად, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება ყველა პარტიის წარმომადგენლობა.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, დანიშვნის პროცედურა, იქნება ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, თუ უზენაესი სასამართლო, არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას.

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით პროცესი ნაჩქარევად არ წარიმართოს.