ჯო ბაიდენი ბელარუსისთვის სანქციების დაწესებას მხარს უჭერს

Ryanair– ის კომერციული ფრენის იძულებითი გადამისამართება, ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას შორის მოგზაურობა და ბელარუსიელი ჟურნალისტის რომან პროტასევიჩის დაპატიმრება, საერთაშორისო ნორმების პირდაპირი შეურაცხყოფაა. შეერთებული შტატები უკიდურესად გმობს მომხდარს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი.

„ეს აღმაშფოთებელი ინციდენტი და ვიდეოჩანაწერი, რომელიც, როგორც ჩანს, პროტასევიჩზე ზეწოლის შედეგია, სამარცხვინო თავდასხმაა როგორც განსხვავებულ პოლიტიკურ აზრზე, ისე პრესის თავისუფლებაზე. აშშ უერთდება რამან პრატასევიჩის და ლუკაშენკოს რეჟიმის ასობით პოლიტპატიმრის გათავისუფლების მოწოდებას.

ჯო ბაიდენი ასევე მხარს უერთდება საქმის გარემოებების დასადგენად საერთაშორისო გამოძიების ჩატარების მოთხოვნას და მიესალმება ევროკავშირის განზრახვას სანქციების ამოქმედების შესახებ. აშშ-ის პრეზიდენტმა საკუთარ გუნდს სთხოვა ევროკავშირთან და სხვა მოკავშირეებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო კოორდინაციით შეიმუშაონ დამნაშავეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლო ვარიანტები.

„თვეების განმავლობაში ბელორუსის ხალხმა თავისი ხმა გააჟღერა და ითხოვდა დემოკრატიას, ადამიანის უფლებების პატივისცემასა და ძირითადი თავისუფლებების შენარჩუნებას. მივესალმები ბელარუსიელების გამბედაობასა და მიზანდასახულობას, რომლებიც იბრძვიან ძირითადი უფლებებისთვის, მათ შორის არიან ჟურნალისტები, როგორიცაა რამან პრატასევიჩი და ოპოზიციის ლიდერები, როგორიც არიან სვეტლანა ტიხანოვსკაია და მისი მეუღლე. შეერთებული შტატები გააგრძელებს ბელორუსიელი ხალხის გვერდით დგომას ამ ბრძოლაში“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა.

ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს.

24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს.

24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.