იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესის მოსამართლეების შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად უარს აცხადებს.

მისი შეფასებით, პროცესი დაჩქარდა და გადავიდა შეფასების ეტაპზე, რომელშიც მონაწილეობას არ მიიღებს.

ნაზი ჯანეზაშვილი ითხოვს, შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დონეზე, ასევე, მოსამართლეთა კონფერენციამ არ აირჩიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრები.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დეკემბრის შემდეგ მიმდინარეობს.

კარლ ჰარცელი: უზენაესის მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრების დანიშვნებზე: საჭიროა დაპაუზება, მნიშვნელოვანია, არ ვიჩქაროთ

კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

22 მაისს ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა და ევროპის საბჭოს აპარატის უფროსმა, ნატალია ვუტოვამ პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი მისწერეს. ტექსტი მედიაში არაოფიციალურად გავრცელდა, რომლის მიხედვითაც დიპლომატებმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესის შეჩერება მოითხოვეს.

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ელჩების საპასუხო წერილში წერს, რომ პარლამენტი უფლებამოსილი არაა, გადაავადოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა. მისი თქმით, სასამართლო სისტემაში დანიშვნები არ შეჩერდება.

პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატებს ამცნობს, რომ მომავალ კვირას იურიდიული კომიტეტის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სასამართლო რეფორმაზე მუშაობის დასაგეგმად, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება ყველა პარტიის წარმომადგენლობა.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, დანიშვნის პროცედურა, იქნება ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, თუ უზენაესი სასამართლო, არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას.

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით პროცესი ნაჩქარევად არ წარიმართოს.

ივნისის ბოლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 4 არამოსამართლე წევრს, ირმა გელაშვილს, ლევან გზირიშვილს, ზაზა ხარებავასა და ნაზი ჯანეზაშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ. კიდევ ერთ არამოსამართლე წევრ შოთა ქადაგიძეს ვადა მარტის ბოლოს ამოეწურა. შესაბამისად, პარლამენტს 15 წევრისგან დაკომპლექტებულ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრი ჰყავს დასანიშნი.

არამოსამართლე წევრების გარდა, ივნისის ბოლოს ვადა ასევე ეწურებათ საბჭოს მოსამართლე წევრებს: დიმიტრი გვრიტიშვილს, ირაკლი ბონდარენკოს, ვასილ მშვენიერაძესა და ირაკლი შენგელიას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის ასარჩევად მოსამართლეთა კონფერენცია 26 მაისს დაინიშნა.