დღევანდელი სტატისტიკით, 60%-ის აცრას ვერ მივაღწევთ, მართლაც ორი წელი დაგვჭირდება, მაგრამ თუ მასიური იმუნიზაციის დროს 15 000 ვაქცინირებული მივიღეთ, ამას სჭირდება ზოგიერთი ქვეყნის პრაქტიკის გათვალისწინება, როდესაც ღია/დახურულ სივრცეებში ატარებენ ვაქცინაციას. ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ პროფესორმა, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ Europetime-თან ინტერვიუში განაცხადა.
„კოლექტიური, პოპულაციური იმუნიტეტის მისაღწევად ქვეყანას უნდა შეეძლოს დიდი ვაქცინების შეთავაზება. მილიონობით ვაქცინა გვჭირდება მასობრივი იმუნიზაციისთვის. დღეს შეზღუდვა გვაქვს როგორც ასაკობრივი, ასევე რაოდენობრივი. ამიტომ, დღეს ამაზე ლაპარაკი ადრეა. მაგრამ თუ ჩვენ გვექნება ზაფხულში ეს რაოდენობა, ყოველდღიურად 15 000 ადამიანამდე უნდა აიცრას. ეს ნიშნავს, რომ ორ თვეში ავცრით ერთ მილიონ მოსახლეობას. დღევანდელი სტატისტიკით, 60%-ის აცრას ვერ მივაღწევთ, მართლაც ორი წელი დაგვჭირდება, მაგრამ თუ მასიური იმუნიზაციის დროს 15 000 ვაქცინირებული მივიღეთ, ამას სჭირდება ზოგიერთი ქვეყნის პრაქტიკის გათვალისწინება, როდესაც ღია/დახურულ სივრცეებში ატარებენ ვაქცინაციას. უნდა გაორმაგდეს იმ დაწესებულებების რაოდენობა, სადაც ვაქცინაცია ჩატარდება. ეს საკითხი განხილულია, ძალიან დიდი მარაგი გვაქვს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების სახით, რადგან ბავშვების ვაქცინაცია ამ რგოლში ტარდება და ეს ექიმები სრულიად მზად არიან. მათი გამოყენება მასიური ვაქცინაციის დროს გადამწყვეტი იქნება, რომ 60%-იან ზღვარს მივაღწიოთ“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 17000-მდე ადამიანი. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 1 354 ადამიანს დაუდასტურდა, 821 გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 ინფიცირებული გარდაიცვალა. შემთხვევათა მაღალი მაჩვენებელი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა იმით ახსნა, რომ მონაცემს შაბათ-კვირის სტატისტიკა ემატება, რომელიც მანამდე არ აღირიცხება.