საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღდგა საქართველოს სახელმწიფოებრიობა.
26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღსაღნიშნავად, ხელოვნების სასახლის საგამოფენო სივრცეები დღეს დამთვალიერებლისათვის ღიაა. მუზეუმში წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებლობის აქტიც. ეს დოკუმენტი საქართველოს ხელოვნების სასახლეს ცნობილმა მუსიკოსმა ანზორ ერქომაიშვილმა 2016 წელს გადასცა. მან ეს ძვირფასი რელიქვია მე-20 საუკუნის 70-იან წლებში, მაღალი რისკის ფასად, პარიზიდან ჩამოიტანა საქართველოში და საბჭოთა რეჟიმის გამო დიდხანს საიდუმლოდ მალავდა.
„ეს იყო ძალიან ამაღელვებელი მომენტი, რადგან ყველაფერს ველოდით ანზორ ერქომაიშვილის არქივში, გარდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტისა და ეს აქტი რომ აღმოჩნდა, ეს არის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი შენაძენი. ეს იყო საბჭოთა პერიოდი, დაახლოებით 70-იანი წლების ბოლო, 80-იანი წლების დასაწყისი და ანზორ ერქომაიშვილისთვის ძალიან დიდი რისკი იქნებოდა მისი ჩამოტანა. წარმოიდგინეთ, რამხელა პასუხისმგებლობა იყო, რომ ეს დოკუმენტი მან შეინახა, საბჭოთა საქართველოში ეს დოკუმენტი შეინახა იმის მოლოდინით, რომ დადგებოდა ოდესღაც მომენტი, როდესაც ეს დოკუმენტი ქართველ ხალხს დასჭირდებოდა, ამ ისტორიაში ეს მომწონს, რომ მან არამხოლოდ წამოიღო, არამედ, შემდეგ შეინახა უკეთესი დროის მოლოდინით და საბედნიეროდ, ეს მომენტი დადგა და დღეს დამოუკიდებლობას ვზეიმობთ“, - აცხადებს საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი, გიორგი კალანდია Europetime-თან.
საქართველოს ხელოვნების სასახლეს ცნობილმა მუსიკოსმა ანზორ ერქომაიშვილმა ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი 2016 წელს გადასცა.
„ამ დღის გახსნება 26 მაისს მნიშვნელოვანია იქედან გამომდინარე, რომ ანზორ ერქომაიშვილის არქივი შეიცავდა არამხოლოდ მისი წინაპრების, ქართული მუსიკალური ფოლკლორული ისტორიის ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტსაც, რომელიც მანამდე ჩვენთვის არ იყო ცნობილი. ბატონი ანზორის თქმით, ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი, საფრანგეთში მოგზაურობის დროს, ერთ-ერთმა ემიგრანტმა ლევილში გადასცა. მას 30 წლის განმავლობაში გურიაში ინახავდა, რადგან მაშინ ამის შესახებ საუბარი არ შეიძლებოდა. დოკუმენტის ორი ვარიანტი არსებობს, ეს შეიძლება იყოს ემიგრანტების მიერ საქართველოდან წაღებული აქტის ერთ-ერთი პირი, ან საფრანგეთში, ემიგრაციის მიერ შექმნილი. ეს დოკუმენტი ერთი რამით არის ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო, ძალიან ძვირფასი ყდა აქვს, ოქროს გერბით და გაფორმებული ემალის თვლებით. თქვენ იცით, რომ რამდენიმე დამოუკიდებლობის აქტი არსებობდა, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ან საგანგებოდ ლევილისთვის შექმნილი პირი...როგორც ჩანს, საქართველოდან ნაწილებად, ფრაგმენტებად გაიტანეს. შემდეგ, ჩვენ, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ვუკეთებდით რესტავრაციას და დღეს ეს დოკუმენტი საქართველოს ხელოვნების ეროვნულ სასახლეში ინახება. ეს გახლავთ ერთ-ერთი უნიკალური პირი...ეს ჩვენი ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია“, - განუცხადა გიორგი კალანდიამ Europetime-ს.
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ეს ეგზემპლიარი ხელოვნების სასახლემ პირველად ეროვნული სასახლის მთავარ დარბაზში 2018 წლის 26 მაისს გამოჰფინა.
1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, გოლოვინის პროსპექტზე, მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში (დღევანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე) დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.