საქართველოში ინდური შტამის დადასტურება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ვაქცინაციის მნიშვნელობას - ამის შესახებ Europetime-ს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ პროფესორმა და იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში მოქმედი 4-ვე ტიპის ვაქცინა მოქმედებს კორონავირუსის ამ ახალ შტამზე, რომელიც საქართველოში დღეს დაფიქსირდა.
,,ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ის ვაქცინები, რომლებიც დღეს საქართველოშია, მოქმედებენ ინდურ შტამზეც, განსაკუთრებით ეს ეხება Pfizer-ის, AstraZeneca-ს ვაქცინებს, რომელთა მოქმედება დადასტურებულია. ასევე არსებობს ანალოგიური ინფორმაცია Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებთან დაკავშირებითაც, შესაბამისად, ინდური შტამი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ვაქცინაციის მნიშვნელობას და ამ მხრივაც მისი გამოჩენა საქართველოში ნიშნავს, რომ დგება დრო ვაქცინის უფრო მეტი მოწოდების და უფრო მეტი ადამიანის ვაქცინირება იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ინფექციის მკვეთრი გავრცელების თვალსაზრისით. ასევე, ამ შტამის გავრცელება და მისი თავისებურება ნიშნავს, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს ნიღბის ტარების აუცილებლობა.
ისეთ შემთხვევაში, როდესაც აშშ-ში პირველად გავრცელდა ბრიტანული შტამი, იყო რეკომენდაცია ორი ნიღბის ტარებისა, რაც აუცილებელია, თუ ჩვენ საქმე გვაქვს შტამთან, რომლის გადაცემის ალბათობა უფრო მაღალია.
ამიტომ ნიღბის გამოყენება, დისტანცირება, ვაქცინაცია, ეს არის ის ღონისძიებები, რაც ახლა მაინც უნდა იყოს აქცენტირებული. ჩვენ არ ვამბობთ და არც გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ინდური შტამი გახდება დომინანტური, ანუ ის ჩაანაცვლებს ბრიტანულ შტამს, ამისათვის აუცილებელია ქვეყანაში ბევრი ადამიანი შემოვიდეს ამ შტამით დასნებოვნებული.
ჩვენ ინდოეთთან მიმოსვლა აკრძალული გვაქვს, თუმცა შესაძლოა, მესამე ქვეყნებიდან შემოვიდნენ ეს ადამიანები, ეს არ ეხება ბრიტანულ შტამს, რომელიც უფრო ადვილად შემოვიდა ქვეყნაში, ვინაიდან ევროპასთან გაცილებით ინტენსიურია ჩვენი მიმოსვლა.
მოლოდინი, რომ ინდურმა შტამმა შესაძლოა, ბრიტანული ჩაანაცვლოს და გახდეს წამყვანი საქართველოში, არ არის, თუმცა დასაშვებია, მაგრამ ალბათ მარტო თეორიულად, პრატიკულად არა. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ალბათ შეუძლებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყურადღებით არ უნდა ვიყოთ. ამ შტამის უფრო მეტად გავრცელების ალბათობა ნამდვილად არსებობს", - აღნიშნავს ჩხაიძე
ივანე ჩხაიძე ინდურ შტამზე: ორი ნიღბის ტარება აუცილებელია, თუ ვირუსის გადაცემის ალბათობა უფრო მაღალია
ივანე ჩხაიძე: ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ინდური შტამი გახდეს წამყვანი, ძირითადი შტამი საქართველოში