ლუის ნავარო: შესაძლოა, საერთაშორისო პარტნიორების ჩართვით მოლაპარაკებების დაწყება გახდეს საჭირო

ევრაზიის პროგრამის, საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსი ლუის ნავარო საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებს „ევროპათაიმთან“ აფასებს. ლუის ნავარო ვარაუდობს, რომ საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების მსგავსად, შესაძლოა, მიმდინარე პროცესებში საერთაშორისო შუამავლების ჩართვა გახდეს საჭირო.

„არჩევნების ლეგიტიმურობაზე საერთაშორისო დამკვირვებლების ზოგადი შეფასების მიუხედავად, ოპოზიციამ მიიჩნია, რომ მათი გადაწყვეტილება არ შევიდეს პარლამენტში, დაასუსტებს მმართველ პარტიას. ამ გადაწყვეტილებამ გაანულა საქართველოს მოქალაქეების მიერ მიცემული ხმები, განსაკუთრებით მათი, ვინც მთავრობის ალტერნატივას დაუჭირეს მხარი.

შესაძლოა, საჭირო გახდეს საერთაშორისო პარტნიორების ჩართვა, როგორც ეს ვნახეთ ოპოზიციასა და მთავრობას შორის ბოლო მოლაპარაკებების დროს, რამაც გამოიწვია პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება.

მთავრობის მხრიდან ყველაზე დიდი შეცდომა, მისი წინამორბედის არასწორი გაკვეთილების გამეორებაა. - აცხადებს ლუის ნავარო.

რაც შეეხება ამერიკაში ჩატარებულ არჩევნებს, ლუის ნავარო დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის განსხვავებას უსვამს ხაზს.

„დონალდ ტრამპი ორიენტირებულია პირად ინტერესებზე, ხოლო ჯო ბაიდენი დიდი ხანია, საერთაშორისო ინსტიტუტებისა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დადგენილი ნორმების მომხრეა. ტრამპის ხასიათმა ევროპასთან აშშ-ის ურთიერთობა დააზიანა და ფოკუსირდა შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, რამაც ძირი გამოუთხარა ევროკავშირისა და ნატოს ეფექტურობას.

ანალოგიური თავისებურებებით წარიმართა ტრამპის ურთიერთობა ვლადიმერ პუტინთან, რამაც ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით აშშ-ის ერთგულების ირგვლივ კითხვები გააჩინა. ამის მაგალითია პუტინის ოპონენტის ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობაზე დუმილი და აშშ-ს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის კითხვის ქვეშ დაყენება, თუ ის არ მიიღებდა ზომებს ჯო ბაიდენის კანდიდატურის წინააღმდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენს სკეპტიკურად უყურებენ მაშინდელი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას „გადატვირთვის“ პოლიტიკის გამო, ის საჯაროდ დაუპირისპირდა პუტინის ხელისუფლებას, ბაიდენმა ასევე განმარტა, რომ აშშ მხარს უჭერს ევროკავშირს და ნატო იქნება მისი მიდგომის მთავარი ქვაკუთხედი, ევროპასთან ურთიერთობაში, ის განსაკუთრებულად უჭერდა მხარს უკრაინაში ანტიკორუფციული ქმედებებს.

უფრო მეტიც, 2008 წელს, ომის დროს, ჯო ბაიდენი, როგორც აშშ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოსთვის ერთმილიარდიანი დახმარების გამოყოფის ინიციატორი იყო“, - აცხადებს ნავარო.