საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ბლოგპოსტი („შეუძლებელი სამეულის“ თემაზე) გამოქვეყნდა. სტატიაში საუბარია დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის სარგებელზე, რომელსაც ქვეყნები მაკროეკონომიკური სტაბილურობის მისაღწევად ინფლაციის თარგეთირების პირობებში იღებენ. სტატიაში, რომელსაც ეროვნული ბანკი ავრცელებს, ვრცლად არის განხილული ყველა ის უპირატესობა და გამოწვევა, რაც დამოუკიდებელ მონეტარულ პოლიტიკას მცურავი გაცვლითი კურსისა და კაპიტალის თავისუფალი მოძრაობის პირობებში შეიძლება გააჩნდეს.
„საგარეო შოკები განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს ისეთი მცირე ღია ეკონომიკებისათვის, როგორიც საქართველოა. ეს გარემოება COVID-19-ის პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ დადასტურდა - საგარეო მოთხოვნის შემცირება, განსაკუთრებით ტურისტულ ინდუსტრიაში, და განვითარებადი ქვეყნების მიმართ რისკის აღქმის ზრდა ფინანსური ნაკადების შემოდინებაზე უარყოფითად აისახა. ამან, თავის მხრივ, გავლენა გაცვლით კურსსა და ინფლაციაზეც იქონია.
სტატიის თანახმად, გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური წნეხის გამო გააქტიურებული დისკუსიის პირობებში, აუცილებელია დავფიქრდეთ, თუ რამდენად დასაბუთებულია მსგავს შემთხვევებში გარკვეულწილად პოპულარული მოსაზრება, რომ ფასების სტაბილურობის მიღწევა უფრო ადვილი იქნებოდა ეროვნული ბანკის მიერ გაცვლითი კურსის დაფიქსირების ან ლარის რომელიმე სხვა ვალუტით ჩანაცვლების პირობებში.
გამოჩენილ კანადელ ეკონომისტ რობერტ მანდელს, ბრიტანელ კოლეგა მარკუს ფლემინგთან ერთად, ფუნდამენტური წვლილი მიუძღვის ამ დებატებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხის კონცეპტუალიზაციაში. პროფესორი მანდელი, რომელმაც აღნიშნული მიმართულებით განხორციელებული კვლევებისთვის ნობელის პრემიაც კი მიიღო, ახლახან გარდაიცვალა და მისი მნიშვნელოვანი წვლილის კიდევ ერთხელ განხილვა დღეს უფრო მეტ აქტუალობას იძენს. მარკუს ფლემინგთან ერთად, მის მიერ პოპულარიზებული საკითხი „შეუძლებელი სამეულის“ სახელითაა ცნობილი, რაც იმას გულისხმობს, რომ ერთდროულად შეუძლებელია დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის, ფიქსირებული გაცვლითი კურსის რეჟიმისა და კაპიტალის თავისუფალი მოძრაობის შენარჩუნება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კურსის ფიქსირება დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუკი კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა არ შეიზღუდება“, - აცხადებს კობა გვენეტაძე.