დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის დაფიქსირებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისივ თქმით, არსებული ვაქცინები ყველა მუტირებულ შტამს „ფარავენ“, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ვაქცინაციამ უფრო მეტი ადამიანი მოიცვას.
„უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ არასდროს არ ვართ დაცული კიდევ ახალი შემთხვევების შემოტანისგან. ამ 5 შემთხვევას კონტაქტი არ ჰყოლია, თუმცა ამ ხუთის გარდა შესაძლოა სხვა შემოვიდეს, მათი კონტაქტები რომ არ გავრცელებულა, ეს არ უნდა იყოს იმედი იმისა, რომ შემდგომში არ გავრცელდება. ეს მუტირებული შტამი როგორც ახლა აფასებენ, გადამდებობის უფრო მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ვიდრე აქამდე ცნობილი სხვა მუტირებული შტამები იყო, შესაბამისად შესაძლოა, დაავადება სწრაფად გავრცელდეს.
ბრიტანეთში დომინანტურად მაინც რჩება „ბრიტანული შტამი“ და ამ ახალმა შტამმა ვერ შეძლო დომინანტური გამხდარიყო „ბრიტანული შტამის“ გავრცელების ფონზე. ეს შეიძლება ჩვენთვისაც იყოს რელევანტური, რადგან ჩვენთანაც ძირითადად არის „ბრიტანული შტამი“ გავრცელებული.
დაირაზმეთ ყველანი, წადით და ჩაიტარეთ ვაქცინაცია. თქვენი მეზობლები, მეგობრები და ახლობლები მიიყვანეთ ვაქცინაციაზე, როგორმე ვაქცინის მოცვა უნდა გავზარდოთ ქვეყანაში, ჯერჯერობით ამის დრო კიდევ გვაქვს. ჩამოყალიბებული იმუნიტეტი იცავს ადამიანს ახალი შტამებისაგან. ინდოეთში იმიტომ გავრცელდა, რომ ინდოეთს ვაქცინაციით მოცვა აქვს უფრო დაბალი, ვიდრე საქართველოს“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
საქართველოში ინდური შტამი 27 მაისს დადასტურდა.
ივანე ჩხაიძე: ინდური შტამით ინფიცირებული ჯანმრთელ ადამიანებს უფრო მარტივად ასნებოვნებს
ივანე ჩხაიძე ინდურ შტამზე: ორი ნიღბის ტარება აუცილებელია, თუ ვირუსის გადაცემის ალბათობა უფრო მაღალია