საქართველოში ვიზიტამდე სენატორები ქვეყნის მხარდამჭერ გზავნილებს ავრცელებენ

ამერიკის საელჩოს განცხადებით, სენატორები საქართველოს ეწვევიან ორპარტიული გზავნილით - შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართველი ხალხის ძალისხმევას, გააძლიეროს დემოკრატია.

"რუსეთის მზარდი აგრესიის წინააღმდეგ უკრაინა და საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი და ქართველი ხალხის მიმართ და მოვუწოდოთ პოლიტიკურ ლიდერებს, გააგრძელონ საჭირო რეფორმები, რაც გააძლიერებს დემოკრატიას. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინისა და საქართველოს სურვილს, მიაღწიონ ევროატლანტიკურ მიზნებს. ამერიკის შეერთებული შტატები მოწადინებულია, მხარდამჭერი როლი შეასრულოს იმისთვის, რომ NATO-სა და ევროკავშირის წევრობა რეალობად იქცეს", - განაცხადა სენატორმა შაჰინმა.

მისივე თქმით, ამ ორპარტიული ვიზიტის მკაფიო გზავნილია, რომ შეერთებული შტატები კვლავ მზად არის,აღადგინოს "ჩვენი ტრანსატლანტიკური ურთიერთობები და დაადასტუროს აშშ-ის გლობალური ლიდერობა დემოკრატიული ღირებულებების ხელშესაწყობად".

"მოუთმენლად ველი შეხვედრებს უკრაინისა და საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებთან და კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს ერთგულებას სტრატეგიული პარტნიორების მიმართ. ორივე ეს ქვეყანა რუსეთის მხრიდან მწვავე გამოწვევების წინაშეა და ცდილობს, განახორციელოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შიდა რეფორმები, რაც ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერის გასაღებია" - აცხადებს რობ პორტმანი.

ვიზიტის დროს, სენატორები შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე, ოპოზიციური პარტიის ლიდერებს პარლამენტში.

როგორც ცნობილია, სენატორები უკრაინის და საქართველოს გარდა ეწვევიან ლიეტუვასაც, სადაც შეხვდებიან ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს სვეტლანა ტიხანოვსკაიას და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს გაბრიელიუს ლანდსბერგისს.

კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხემძღვანელობითა საქართველოს მომავალ კვირას ეწვევა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, სენატორების ვიზიტი ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან კონტაქტების გაძლიერების თვალსაზრისით.

მისივე თქმით, სენატორები საქართველოს 2-4 ივნისს ეწვევიან.