"არ არის სასურველი კანდიდატები ამომრჩეველს ეხუტებოდნენ" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს, მათ შორის, საარჩევნო კამპანიის მონაწილეებს ურჩევს, “ერთმანეთის გადახვევისგან” თავი შეიკავონ.

გამყრელიძეს ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, მისაღებია თუ არა, როდესაც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებისას კანდიდატები ეხუტებიან ამომრჩევლებს.

“არ არის სასურველი, ამ პერიოდში და საერთოდ არ არის სასურველი… გადავეჩვიოთ… გაზაფხულზე გახსოვთ იყო ჩვენი მოწოდებები, არ ვკოცნიდით ერთმანეთს მაინცდამაინც, არ ვეხუტებოდით… შევიკავოთ თავი. მესმის, გარკვეული ემოციური ფაქტორია, მაგრამ მოდით, დავძლიოთ ემოცია. არ არის საჭირო ერთმანეთის გადახვევა”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება არჩევნების დღესთან დაკავშირებული რეგულაციები. გამყრელიძე ამბობს, რომ ცალკე ხმის მიცემას შეძლებენ ისინიც, ვისაც საარჩევნო უბანზე მისულს ტემპერატურა დაუფიქსირდება.

მიმდინარე სტატისტიკა: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 2937;

გამოჯანმრთელებული - 1422;

გარდაცვლილი - 19;

კარანტინის რეჟიმში - 6633;

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836;

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41;